“პანკისის ხეობა შესაძლოა დაიცალოს” – ჩხობაძე რეალურ საფრთხეზე საუბრობს

„მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საფრთხე არსებობს რეალურად. ჩხობაძე აცხადებს, რომ პროცედურები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მშენებლობის დაწყებამდე, არ განხორციელდა, ამიტომ მოსახლეობის შიში გამართლებულია. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მოსახლეობასთან უნდა ეწარმოებინა ინვესტორს და არა პოლიციას.

მისივე თქმით, პირველ რიგში ჰესის მშენებლობას შესაძლოა მოჰყვეს ხეობაში სასმელი წყლის არარსებობა. ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ხეობა შესაძლოა დაიცალოს.

„თვითონ პანკისის ხეობა არის ძალიან მცირე და პატარა და არ აქვს მნიშვნელობა მოცულობას ჰესის, იქნება დიდი, თუ პატარა, ის შეიძლება იყოს საფრთხის მომცველი ნებისმიერ სიტუაციაში. თუ სწორად არ არის გაკეთებული შესწავლა, არ არის შეფასებული, არ არის ნამუშევარი ექსპერტებთან, არ არის გაკეთებული ის საკომპესაციო ნაწილი, რასაც ჰქვია ბუნებასთან  კომპესაცია და ზიანის მიყენების შემთხვევაში, როგორ იქნება შემცირებული ზიანი. ამ ყველაფრის ნაკლებობა აშკარად არის და კიდევ მთავარი, არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი აზრი. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი მშენებლობის დროს, პირველ რიგში საზოგადოებას აქვს უპირატესობა. აუცილებელია, რომ მასთან ილაპარაკოს ინვესტორმა და არა პოლიციის ძალით,“-განაცხადა ნინო ჩხობაძემ.