დღეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე კანონპროექტს კენჭს უყრიან

საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭსაც უყრიან.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის უფრო მცირე ვადა შეიძლება იყოს განხილული.

„როგორც ცნობილია, არსებული ორგანული კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ვადა 10 წლით განისაზღვრება. ამჟამად საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო მსხვილ და ახლად შექმნილ უზენაეს სასამართლოზე ტრანზიციის პერიოდში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლით დანიშვნა შესაძლოა ძალიან ხანგრძლივი იყოს. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შეიძლება განხილული იყოს უფრო მცირე ვადა “, – ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

კრიტერიუმებზე საუბრისას ვენეციის კომისიის ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ უნდა დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი მოთხოვნა და მეტი ყურადღება დაეთმოს კანდიდატის გამოცდილებას, მისი განსჯის უნარსა და დამოუკიდებლობას.

გარდა ამისა, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს.

„არამოსამართლე კანდიდატების მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა განხილვას უნდა დაექვემდებაროს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, „მხოლოდ სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს“ შეუძლიათ არამოსამართლე კანდიდატები იყვნენ უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ ადგილზე. კანდიდატების კვალიფიკაციაზე ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს და პროცედურები უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე, რომლითაც თითოეული კანდიდატი შეფასდება“.