მამუკა მდინარაძე – ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად არის, კიდევ რამდენიმე დღე რჩება, კარგად გაიაზროს გადაწყვეტილება

ნიკა მელიას, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კულტურის კომიტეტის შექმნის ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის საკითხი და პარლამენტში პროკურატურის მიერ შემოტანილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, უპირობოდ დაიცვას თანასწორობის პრინციპი და არ შეფერხდეს მართლმსაჯულების აღსრულება.

„სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ.

ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა – უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება.

ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.

აქვე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ – დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მდინარაძემ.