“აბსურდი და პოლიტიკური სპეკულაციებია, სად არის ლოგიკა?..”

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

-“ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადება საქართველო-რუსეთის ომებთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გადაიტანა “სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია”.
რამდენიმე ფრაზით გამოვეხმაურები.

1. 90-იანების კონფლიქტების სამოქალაქო ომებად წარმოჩენა, ესაა სამხედრო-პოლიტიკური პროცესების, მოვლენების, ფაქტების მცდარი შეფასება. მიზეზებს არ ჩავუღრმავდები ამ სივრცეში.

2. განმარტება, რომელიც გაკეთდა გენერალ ჩაჩიბაიას მიერ, ასახავს რუსეთის ჩართულობას კონფლიქტებში, არ ტოვებს სპეკულაციების სივრცეს პრორუსულ პოზიციებთან დაკავშირებით. თუმცა არ აზუსტებს, არ განსაზღვრავს 90-იანების ომები სამოქალაქო იყო, თუ სხვა რამ. ასევე უნდა იყოს მზად, რომ მისი ეს განცხადება, როგორც პირველი სამხედრო პირის შეფასება, შესაძლოა გამოყენებული იქნას გარე ძალების მიერ.

3. სამოქალაქო ომს თავისი მახასიათებლები აქვს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სამოქალაქო ომის კატეგორიას შეესაბამება ე.წ. თბილისის ომი, როგორც მას მოიხსენიებენ. ყველა დანარჩენი იყო შეიარაღებული კონფლიქტები.

4. აბსურდია და პოლიტიკური სპეკულაციებია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ან სხვა ვინმემ დაუწერა გენერალს, თუ რა უნდა ეთქვა მისალოც სიტყვაში. მაშინ, პირველ რიგში, აგვისტოს ომზე დაავალებდა. სადაა ლოგიკა? თავდაცვის ძალები ისე აღიქვამენ პროცესებს, როგორც პოლიტიკოსები ახვევენ თავზე. წლების მანძილზე ვქადაგებდით, რომ 2003 წლამდე არც არმია გაგვაჩნდა თურმე, არც სახელმწიფო, მხოლოდ ერთი ომი იყო, 2008 წლის, რომელიც მოვიგეთ, მანამდელ ვეტერანებსაც არ აღვიქვამდით ვეტერანებად და ა.შ. ზოგიერთი ექს-მინისტრი დაუფინანსებელ ჯარს “კედების არმიას” ეძახოდა, რითაც ათასობით ადამიანს აყენებდა შეურაცხყოფას. ახლა თურმე გვიომია რუსეთთან. პოლიტიკურად ასე დაგჭირდათ და იმიტომ. აბა, თუ სამოქალაქო ომი არ იყო 1992-93 წლებში და შეიარაღებული კონფლიქტი იყო რუსეთის მონაწილეობით, იქნებ, მცირედი გამონაკლისის გარდა, ვინმე გაიხსენებთ თქვენს ყურადღებას წინა ომების ვეტერანების მიმართ?! თუ ის ომები თავისი ვეტერანებიანად არ გადარდებდათ, მაშინ რაღას აპროტესტებთ?!

5. იქნებ რომელიმე თქვენგანმა თითი გაანძრია იმისათვის, რათა მომხდარიყო განვლილი წლების, მოვლენების შესწავლა და სათანადო შეფასებების გაკეთება?!

6. მოვისმინე განცხადებაც, თითქოს თავდაცვის ძალების პირველ პირს პოლიტიკური შეფასებების უფლება არ აქვსო. მსურს აგიხსნათ, რომ ომის კვალიფილაცია არაა წმინდად პოლიტიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური ხასიათისაა. პოლიტიკოსებმა ომების შეფასება ზუსტად რომ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის და გენერალური შტაბის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე უნდა გააკეთოთ. სამხედროები მხოლოდ ჩექმების სატყაპუნოდ თუ ჩაფხუტის სატარებლად რომ წარმოგიდგენიათ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.

7. განვლილი ომების, მოვლენების, პოლიტიკური პროცესების შესწავლის მიზნით, დროა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი არა ენჯეოები, როგორც დაგვჩემდა, არამედ საზოგადოების ავტორიტეტიანი წარმომადგენლები, სახელმწიფო სტრუქტურები და კონკრეტული სპეციალისტები. ამ კომისიის მუშაობის შედეგად უნდა დაესვას წერტილი გაურკვევლობებს, ყველაფერს მიეცეს შეფასება და დაერქვას თავისი სახელი, სამოქალაქო ომი იყო, შეიარაღებული კონფლიქტი თუ სხვა რამ. კომისიის მუშაობის შედეგად უნდა მომზადდეს მასალები სასწავლო სახელმძღვანელოებისთვის.