“ჩემი სოფელი მეძახის…შველას ელის ჩემგან, თქვენგან…გველოდება”-ბავშვები ახალგორიდან

ამონარიდები ახალგორიდან დევნილი ბავშვების ნაწერებიდან.

მადლობა ლევან შერმადინს ამონარიდების გავრცელებისთვის.

ანანო მღებრიშვილი

ერთხელ, სახლში ვიჯექი და ვფიქრობდი. ვფიქრობდი ყველაფერზე, მათ შორის ერთგულებაზეც და მისი საუკეთესო მაგალითად ჩემი, ახალგორში დარჩენილი ნივთები ამომიტივტივდა გონებაში. ჩემი ჰამაკი, ჩემი სათამაშოები, ჩემი წიგნები, ჩემი ველოსიპედი და სახლი, ნივთები, რომლებიც ჩვენგან მიტოვებულნი არსად გაქცეულან , უბრალოდ, დგანან და გველოდებიან. ცდილობენ დროსთან ბრძოლას, ალბათ, უჭირთ, მაგრამ მაინც, არსად წასვლას არ აპირებენ. უბრალოდ, დგანან და გველოდებიან, პატრონებს გველოდებიან, ერთგულად.

ანი მახარაშვილი

ჩემი სახლი, საიდანაც ჩემი სოცოცხლე დაიწყო, სადაც გავატარე ცხოვრების საუკეთესო წლები. სახლი, რომელიც მუდმივ თავშესაფარს წარმოადგენდა ჩემთვის. ახლა კი მარტოა დარჩენილი, მწვანე ხეების ნაცვლად თეთრ ბურუსშია ჩაძირული და ელოდება ჩემს მისვლას. ეს სინამდვილეა. ჩემს სიზმარში კი მარტო კარგი მოგონებები ცოცხლობდა, ცუდი კი თითქოს ზარდახშაში ჩაკეტილი ქსანს წაუღია. მე ისევ იქ მინდა, იმ სიზმარში, მაგრამ ვეღარ ვბრუნდები. კიდევ კარგი, მოგონებები მაინც დამრჩა იმ სანატრელი სამყაროდან, რომელსაც ,,ჩემი ბავშვობა ერქვა.’’

სალომე ბუთხუზი

…მეძახის ჩემი სოფელი მეძახის… ელოდება ვინმეს, ვინც გადაარჩენს… ეძებს, ეძებს… ქარს ატანს თავის ამბავს,აგზავნის აქეთ-იქით, იქნებ ვინმემ შეისმინოს, ყურად იღოს მისი გასაჭირი, მაგრამ მშველელი არ სჩანს… ახლა კი, თითქოს მე მომძებნა… ჩემგანღა ელის შველას… უეცრად თავი მარტოსულად ვიგრძენი, ადამიანად, რომელსაც გული ამოაცალეს და ახლა ასე უგზო-უკვლოდ დაეხეტება, თავისი სახლი ვერ მოუნახავს… მივხვდი, ჩემი სოფელი მეზღვაურთა საყვარელ პორტს წარმოადგენდა, მე და კიდევ სხვა დანარჩენი კი ერთ დიდ გემზე ვდგავართ და ნელ-ნელა ვშორდებით ჩვენს მშობლიურ ადგილს… მეძახის… ახლაც მეძახის. ჩემი სოფელი მეძახის… შველას ელის… ყველგან ელის… ჩემგან, თქვენგან…

ანა ბუთხუზი

არც ჩრდილოეთითაა და არც სამხრეთით, არც აღმოსავლეთით და არც დასავლეთით, ის გულით, გონებით დამაქვს. ის ახლა მხოლოდ ჩემში არის და არსად სხვაგან. ნამდვილი. ის, რომელსაც სხვები თვლიან, რომ აქვთ- წარმოსახვითია.
ის არც ჩრდილოეთითაა და არც სამხრეთით, არც აღმოსავლეთით და არც დასავლეთით. ის მხოლოდ ჩემს გულსა და გონებაშია და ვერავინ წამართმევს. როცა წავლენ, მე მას ამოვიღებ და ძველ აგილზე დავაბრუნებ უცვლელსა და უცვლელად. ის მხოლოდ ჩემია და არა-იმათი. არ დავთმობ. ამიტომაც ჩუმად ჩემს გულში, გონებაში ვინახავ, იქ მხოლოდ წარმოსახვითია. ნამდვილი აქ უხლებელია.
ის არც ჩრდილოეთითაა და არც სამხრეთით, არც აღმოსავლეთით და არც დასავლეთით.

სალომე ბუთხუზი

დღეს დედას რამოდენიმე სტროფი ,,ვეფხისტყაოსანიდან’’ ქართულად წავუკითხე. მართალია, ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც გახარებული, ცრემლიანი თვალებით შემომცქეროდა…