პარლამენტი შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს

 შინაურ ცხოველთა კეთილდღეობა –  სწორედ ასე ეწოდება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს  დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ. კანონპროექტი ცხოველთა დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციება მოამზადეს. საკანონმდებლო ორგანო კი  სპეციალური კანონის მიღებას აპირებს.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, დაუშვებელი ხდება შინაურ ცხოველთა გამოყენება ისეთი საშუალებებითა და მეთოდებით, რაც მათ ტანჯვას ან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს. რაც შეეხება მოკვდინებას, აუცილებელი ხდება მოკვდინებისას ჰუმანური მეთოდების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით დადგინდება შინაური ბინადარი ცხოველის განუკურნებელი და საშიში დაავადებები.

შინაური ცხოველის მეპატრონე კანონით ვალდებული იქნება უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ბინადრის შთამომავლობის მოვლა-პატრონობა ან გასხვისება.

ამასთან, კანონით დაუშვებელი ხდება შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება და ასევე, ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელი იქნება შინაური ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.