მოქალაქის ხმა შესმენილია – ბრძოლამ პირველი შედეგი მოიტანა

როგორც გახსოვთ “სამოქალაქო მოძრაობის” სოფელ ზემო ალვანის წარმომადგენლმა  თამარ ჯამალაშვილმა რამდენიმე ხნის წინ, ჩვენს რუბრიკაში “მე, მოქალაქე…” სუფთა სასმელი წყლის მოთხოვნით აქცია დააანონსა.

https://www.gmtv.ge/58443-2/

დღეს კი “სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლები და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, სასმელად უვარგისი წყლის მიწოდებას აპროტესტებენ.

📣 “სამოქალაქო მოძრაობის” სოფელ ზემო ალვანის წარმომადგენლის თამარ ჯამალაშვილის ინიციატივით, “სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად მერიის წინ აქცია გამართეს. მათი თქმით, უკვე ათი წელია, სასმელ წყალს დაბინძურებული მდინარის წყალი ერევა. ერთი თვის წინ, მომხდარი სტიქიის შემდეგ კი, წყლით ინტოქსიკაციის რაოდენობა გაიზარდა. მოგვიანებით, საპროტესტო აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ. თამარ ჯამალაშვილმა თვალსაჩინოებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, დაბინძურებული სასმელი წყლით სავსე ბოთლი წარუდგინა. მიმდინარე პროცესს, “საიას” თანამშრომლები აკვირდებოდნენ.

საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოესს ორ კვირაში, სოფელ ზემო ალვანის სასმელი წყლის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის დასრულებამდე კი, სამი სოფლის ბაგა – ბაღებს სასმელი წყლით, ადგილობრივი თვითმმართველობა მოამარაგებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სრულყოფის მიზნით, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით სპეციალური შეხვედრა გაიმართება.