თავდაცვის მინისტრი ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრებს მართავს

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა ალექსანდერ ვერშბოუმ გაუწია.

ლევან იზორიამ ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. როგორც მინისტრმა განაცხადა,  განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით მზარდი დინამიკა აქვს – იქნება ეს ნატო-საქართველოს სწავლება თუ მრავალეროვნული სწავლებები. დისკუსიაზე ასევე აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების  განმტკიცების მიზნით,  საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. „წელს ჩვენ გვექნება დასავლეთ საქართველოში მრავალეროვნული სწავლება, რომელიც სწორედ ამ მასშტაბსა და დინამიკას უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნების რაოდენობითა და სწავლებაში სხვადასხვა ელემენტების ჩართულობით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ატლანტიკურ საბჭოში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  თემა იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა. ამ კონტექსტში მხარეებმა ერთმანეთს სტრატეგიული ხედვა გაუზიარეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სტრატეგიული ამოცანის განსახორცილებლად, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს, ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. „ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს დახმარებას უწევს, რომ თავდაცვის ძალები მაღალ პროფესიონალურ დონეზე განავითაროს და ალიანსთან სრულიად თავსებადი გახადოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი  მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი გაიღოს. ეს კი, ალიანსის მხრიდან 2008 წლის დაპირებაა“, – აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ.