“პოლიტიკანობა ეკლესიაში და საქმე, რომელიც აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი …”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

-“იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს” (რომ. 1,22).

თუ ყურადღებით გადავხედავთ და უახლეს ისტორიას დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ წლების მანძილზე არ მოგვეპოვება თუნდაც ერთი ისეთი ღირსეული ფაქტი მაინც, რომ საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია საკუთარ შეცდომას აღიარებდეს და მის გამოსწორებას ლამობდეს, მაშინ, როცა თავად კათოლიკოს-პატრიარქი არაერთგზის აცხადებს (მართალია კონკრეტიკის გარეშე, მაგრამ მაინც!), რომ მისი მოღვაწეობის მანძილზე პირადად მას ჰქონდა უამრავი შეცდომა, ცოდვა თუ გადაცდომა დაშვებული. მიუხედავად ამისა, სახელდობრ სამდივნოსა და პრეს-ცენტრის კოლეგია დღენიადაგ სხვისკენ იშვერს ხელს და არასდროს არ აღიარებს თავის არცერთ შეცდომას. ამგვარი გაჯიუტება სხვა არაფერია, თუ არა დეგრადირებული ყოფა, როცა სიამაყის, ტრიუმფალური ხიბლისა და იმპერატიული ტონის გამო უარს აცხადებ თვითრეფლექსიაზე, საზოგადოებასთან გულწრფელ კომუნიკაციასა და ორგანიზაციულ განვითარებაზე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია ობიექტურობაზე და ჯანსაღ თვითშეფასებაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ დუმილი, იზოლაციონიზმი, დომინანტობა და შეუვალობა საპატრიარქოს თვისობრივ მახასიათებლებს განეკვუთვნებიან, შეგვიძლია ლოგიკურად მივიჩნიოთ მათივე რეიტინგისა და ავტორიტეტის კლებადობის ესოდენ საგრძნობი ტენდენცია, რომელიც რაღა თქმა უნდა რამდენიმე უძირითადესი ფაქტორითა და საგულისხმო მოვლენით არის გამოწვეული. სიმწვავის მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ ზოგიერთი მათგანი:
1) ფინანსური მახინაციები და კარტელური ბიზნეს-სქემები;
2) ჰომოსექსუალური ლობის არსებობა და ზნეობრივი სიმრუდის გამოჟონვა კორპორატიული სივრციდან;
3) პოლიტიკანობა, როცა ეკლესია ხშირად აჭარბებს საკუთარი ბუნებისათვის მოწოდებულ პრეროგატივას და უხეშად ერევა მიწიერ თუ სახელმწიფოებრივ საკითხებში;
4) იერარქიისა და სამღვდელო დასის სნობიზმი, ელიტიზმი, ფეშენებელური კომფორტი და ზღვარდაუდებელი ფუფუნება;
5) არაკვალიფიციური, არაკომპეტენტური, არაადეკვატური და უბირი საკადრო მოცემულობა;
6) რუსული მდგენელისა და აგენტურის მძლავრი გავლენა;
7) მარგინალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებთან (მმკ, ქართული მარში, ქართული იდეა და სხვ.) ასოცირება;
8 ) დექრისტოცენტრული “ღირებულებების”, მაგიზმის, “ხალხური ღვთისმეტყველებისა” და ერეტიკული შეხედლებების ამბონებიდან ტირაჟირება;
9) ე.წ. “ციანიდის საქმე”, რომელიც აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი და პანდორას ყუთი, რამაც ფაქტობრივად მოხსნა ყოველგვარი ტაბუ აკრძალულ თემებზე;
10) მოსაყდრის დანიშვნა, რაც კანონიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით სავსებით უმართებულო, ირაციონალური და არასწორი ნაბიჯი იყო, რომელიც ეკლესიის სამომავლო ცხოვრებას პერსპექტივაში პოლიარქიისა და ქაოსის ცდუნებას უქმნის, როცა უკანონო პრეცედენტი უკვე დაშვებულია;
11) უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარება და იგნორირება დემაგოგიური არგუმენტაციით, რაც დიდად საწყენი შეიძლება იყოს უკრაინელი ხალხისადმი მეგობრულად განწყობილი ქართული სოციუმისათვის, რომელიც კარგად გრძნობს და აცნობიერებს, რომ საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის ქვეშევრდომი სატელიტია.

ამრიგად, რეიტინგის დაღმასვლისა და კლებადობის დინამიკა – ვითარებისა და ამჟამინდელი რეალობის სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი შედეგია!

“ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახელი, თითქოს
ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ” (გამოც.3,1).