„პარლამენტის წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე“

„პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, ვალდებულება და მანდატი სწორედ ზედამხედველობის განხორციელებაა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჟენევის შეირაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ცენტრის (DCAF) ერთობლივი კვლევის  -„პარლამენტის წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე“ შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევა ნებისმიერი პარლამენტარისთვის საინტერესოა, რადგან,  ერთი მხრივ, ძალიან მგრძნობიარე, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად პარლამენტის გაზრდილ საზედამხედველო ფუნქციებზე და მათ მნიშვნელობაზე.

მისივე თქმით, განხორციელებულმა  საკონსტიტუციო ცვლილებებმა და პარლამენტის ახალმა რეგლამენტმა მნიშვნელოვნად გაზარდა საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქცია.

„პარლამენტის საქმიანობის ძალიან დიდი დრო უკვე საზედამხედველო ფუნქციას მიაქვს. იმ სამართლებრივი ბაზით, რომელიც ჩვენ ახლა გაგვაჩნია, მინდა ორად გავყო ეს ნორმები. ერთია – პარლამენტის მანდატი, რომელიც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს, ოღონდ არა დახურულ და საიდუმლო ინფორმაციას. ამ საქმიანობის საკონტროლებლად  პარლამენტს აქვს უამრავი ახალი მექანიზმი, დაწყებული მინისტრის დაბარებიდან, გაგრძელებული თემატური მოკვლევებით, კანონმდებლობის აღსრულების კონტროლით და ა.შ. საქართველოს პარლამენტმა ძალიან კარგად დაიწყო ამ მექანიზმების გამოყენება და საზოგადოება სულ მალე დაინახავს იმ სიკეთეებს, რაც ამ მექანიზმებს შეულია მოგვიტანოს. კიდევ უფრო საინტერსოა მეორე ნაწილი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა და საიდუმლო ნაწილის კონტროლი. პარლამენტში არსებობს მექანიზმი – ნდობის ჯგუფი ანუ პარლამენტის წევრების შეზღუდული რაოდენობა, რომლებსაც  საქართველოს პარლამენტმა ანდო სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომა და  ასეთი ინფორმაციის კონტროლი“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პრეზენტაციის მონაწილეებს ახალი რეგლამენტის თანახმად პარლამენტის ნდობის ჯგუფის გაზრდილი მანდატი გააცნო.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ამ უწყებებმა თავისი საქმე შეასრულონ გამართულად და კარგად, მათ მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, კვლევის შედეგების გაცნობას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრის თვალსაზრისით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  ასევე, სამოქალაქო საზოგადოების და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.