თავდაცვის სამინისტრო: ბრალდებები თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი პოლიტიკურად მოტივირებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას წარმოადგენს

ბრალდებები თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი და აქვს ჟანგბადის ბალონების პრობლემა, წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რათა მოხდეს ამ წარმატებული დაწესებულებისა და მთლიანად თავდაცვის ძალების დისკრედიტაცია, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებისგან მაღალი შეფასება მიიღო

„საზოგადოებისათვის გვსურს განმარტოთ, რომ დაწესებულება სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ჟანგბადის ბალონებით, რაც აუცილებელია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გასაწევად. ამასთან, ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72 კუბური მეტრის სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალი მომსახურებას უწევს 165 პაციენტს. ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ ნახევარს, არსებული რესურსით კი, ჰოსპიტალს გააჩნია 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურების რესურსი.

ამასთან, თავდაცვის ძალები და მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, მუდმივად ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე და წინასწარ ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რათა ნებისმიერი სცენარის დროს იყოს სათანადო მარაგები და გაიზარდოს დაწესებულების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალმა ითხოვა ნებართვა საკუთარი ხარჯებით შეესყიდა დამატებითი 120 კუბური მეტრის სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა მის მზადყოფნას.

სამწუხაროა, რომ მსგავსი პრევენციული მოქმედებები, რომელიც მოწონებას უნდა იმსახურებდეს ცალკეული მედიასაშუალებების მიერ, გამოყენებულია სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

მსგავსი დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, პანდემიის მართვისა და პრევენციის კუთხით სამინისტრო გააგრძელებს ეფექტიან ღონისძიებების გატარებას, რაც გულისხმობს მათ შორის ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ გაუმჯობესებას“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.