ეს უნდა იყოს არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში დაამთავრებს არაკომპეტენტურ მართვას, ნეპოტიზმს – ბადრი ჯაფარიძე

ამ არჩევნების შემდეგ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა იგრძნოს გარდამტეხი ცვლილებების დაწყება, უმძიმესი ვითარების ძირეულად გაუმჯობესება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს თავმდჯომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ რიყის პარკში თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დროა საზოგადოებამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ძირეული გაუმჯობესება იგრძნოს.

მისივე თქმით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ამის შანსია.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რომელმაც თქვენ უნდა მოგიტანოთ გამარჯვება პანდემიაზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, ტყუილზე, უიმედობაზე, კორუფციაზე. ამ არჩევნების შემდეგ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა იგრძნოს გარდამტეხი ცვლილებების დაწყება, უმძიმესი ვითარების ძირეულად გაუმჯობესება, ქვეყნის გადარჩენის შანსი. უკლებლივ, თითოეულმა თქვენგანმა, მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა და რა თქმა უნდა, მათ შორის დამარცხებული „ქართული ოცნების“ დღევანდელმა მხარდამჭერებმაც, – ეს უნდა იყოს არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში დაამთავრებს არაკომპეტენტურ მართვას, ნეპოტიზმს, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას, დემონიზაციისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების და სასამართლო ხელისუფლების გამოყენებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.