მამუკა ხაზარაძე – ქვეყანას მივცეთ შანსი, რომ უახლოეს თვეებში, 2022 წელს დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც ქვეყანა გადავა სრულად კოალიციურ მმართველობაზე

ქვეყანას მივცეთ შანსი, რომ უახლოეს თვეებში, 2022 წელს დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც ქვეყანა გადავა სრულად კოალიციურ მმართველობაზე , – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობისა და საკრებულოს კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, აუცილებელია, ხალხმა აირჩიოს განვითარებისა და აღორძინების გზა.

„2 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არ არის არჩევნები მხოლოდ მერების ან საკრებულოს წევრების არჩევნები, არამედ ისტორიული არჩევნებია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ეს არის ტესტი ქართველი ხალხის, რომელმაც უნდა აირჩიოს, თუ როგორ ქვეყანაში სურს მას ცხოვრება, – უნდა, რომ იყოს ჩაკეტილ 30-იან წრეში, თუ გაარღვიოს ეს წრე და ქვეყანა დააყენოს განვითარების და აღორძინების გზაზე. ქვეყანას მივცეთ შანსი, რომ უახლოეს თვეებში, 2022-ში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც ქვეყანა გადავა სრულად კოალიციურ მმართველობაზე. ევროპული სისტემა სწორედ კოალიციურ მართვას ნიშნავს, რუსული სისტემა ნიშნავს ერთმმართველობას, – ჩვენ ამას ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ თავი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.