საპროტესტო აქციები და ორჯონიკიძის ფოტო ივანიშვილის რეზიდენციასთან

მაშინ როცა თბილისში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდებოდა, წითელ ხიდზე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

“გარეჯი საქართველოა,” “ჩვენს სიწმინდეებს არავის დავუთმობთ,” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მივიდნენ აქციის მონაწილეები ამ ადგილას.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

აქ იყვნენ როგორც მარნეულის მაცხოვრებლები, ასევე თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასულები.

აქცია მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის მმართველის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სასულიერო პირებისა და მოქალაქეების ნაწილმა დღეს დავით გარეჯის ტერიტორიაზე აღნიშნეს. ჩიჩხიტურის კომპლექსის მოლოცვის შემდეგ, პროცესია უკვე უდაბნოს მონასტრისკენ დაიძრა, სადაც აღდგომის ტაძარში სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა.

უდაბნოს კომპლექსს მრევლმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო და კიდევ ერთხელ, საქართველოს ჰიმნი შეასრულა. დღეს იქ ჩასული ადამიანები ერთუსლოვანნი იყვნენ, მათი თქმით, გარეჯი საქართველოა და ქვეყნის დამოუკიდებლობა ხელისუფლებას სწორედ გარეჯში უნდა აღენიშნა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მოძრაობა „ძალა ერთობაშია,“ ხვალ დილიდან, დავით გარეჯში მონიტორინგს განაახლებს.

აქცია გაიმართა თბილისშიც.

 

დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს “ლეიბორისტული პარტია” საპროტესტო აქციით გამოეხმაურა. პარტიის წევრებმა სერგო ორჯონიკიძის ფოტო დღეს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიიტანეს და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ორჯონიკიძის იდეური მემკვიდრე უწოდეს.