“პირველი ადგილი უკონკურენტოდ უჭირავთ ჩვენს გულებში, სამყაროს უკეთესობისკენ შემცვლელები”

ბელა აბულაძე

გალაქტიკაში იმდენი ვარსკვლავია, დათვლას რომ ვერ შეძლებს ვერც ერთი სულიერი და მაინც, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა მათგანის ერთდროულად ციმციმიც არაფერია, თუნდაც ერთი პატარას სიყვარულით, სიკეთით და ბედნიერებით სავსე თვალებთან შედარებით. ყველა ვარსკვლავის ნათებაზე უფრო კაშკაშაა ბავშვის თვალები! საზღვარი ალბათ ყველაფერს აქვს, ამ პაწაწინა სასწაულების გულებში არსებული სითბოსა და წრფელი სიყვარულის გარდა, მუდმივად რომ არიან მზად მათ უანგაროდ გასაცემად. ალბათ შეგიმჩნევიათ, თუ როგორ ზრუნავენ ბავშვები სხვებზე და ამით თავადვე ბედნიერდებიან. უცნაურია, ჩვენ ვზრდით შვილებს და ხანდახან ვერც კი ვხვდებით, რამდენი რამე შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან.

კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, პასუხი არ მაქვს, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, თუ ვინ არიან ისინი, ვისაც პირველი ადგილი უკონკურენტოდ უჭირავთ ჩვენს გულებში და სამყაროს არც ერთ მოვლენას არ შეუძლია მათი ჩანაცვლება.

ბავშვებს შეუძლიათ სხვა, მისტიურ სამყაროში ისე გადაგვისროლონ, რომ ერთბაშად სულ ერთი ხდება თუ სად ვცხოვრობთ, რამდენი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, წელიწადის რომელი დროა და გვეძინა თუ არა საკმარისად, მხოლოდ ერთი რამ არ კარგავს მნიშვნელობას, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არასდროს დავკარგოთ ბედნიერების ის მუხტი, რომლის შექმნაც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი მაგიური გულებით.

ბავშვებს აქვთ ძალა შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ, ვერც კი წარმოიდგენთ, ისე მარტივად გაგიხდიან თავისიანად და გაგინათებენ ბურუსით სავსე ცხოვრებას. ქვეყნად არსებულ ყველა სიკეთეს იმსახურებენ ჩვენი შვილები, სილაღეს, სიფერადეს, სიკაშკაშეს, სითბოს, სიყვარულს, მზრუნველობას, უსაზღვრო და ამოუწურავ ბედნიერებასა და ისეთ სამყაროში ცხოვრებას, არასდროს, არც ერთი მიზეზით რომ არ დასჭირდეთ დაცვა. დიახ, ყველა ვასკვლავის ნათებაზე უფრო კაშკაშაა ბავშვის თვალები!

1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!