“ავსტრიის ელჩის აღვირახსნილ ინტერვიუსთან დაკავშირებით…”

ამირან სალუქვაძე

გენერალი, ანალიტიკოსი

ავსტრიის ელჩის აღვირახსნილ ინტერვიუსთან დაკავშირებით, ვრცელ პასუხს ვგეგმავდი, მაგრამ რამდენიმე თეზისით შემოვიფარგლები:

1. ქართულ ოცნებაში რომ პრობლემებია, ოცნებამაც იცის, ხალხმაც. თუ სურთ, ელჩზე უფრო დაწვრილებით ჩამოვუყალიბებ, გამოსწორების გზებთან ერთად. ოღონდ ეს ჩვენი შიდა საკითხებია და, არამც და არამც, არაა ელჩის სასაუბრო თემა. ვინ ჰკითხავს ელჩს ბალი ათი შაურია?! მისი საქმეა დაწვრილებით დაწეროს ხოლმე და თავის მთავრობას უგზავნოს.

ეს იმდენადაა ამოვარდნილი ყველანაირი ფორმატიდან, რომ, წესით, მოგწონთ ხელისუფლება თუ არა, პირად შეურაცხყოფად უნდა მიიღოთ, როცა უცხო ქვეყნის დიპლომატი, ასე უხეშად ერევა შიდა საკითხებში. განსაკუთრებით იმათ გეხებათ, ვინც იცით, რომ ეს ასეა.

2. ელჩს ის უნდა ერჩივნოს, თავისი ქვეყნის პოლიტიკას (საშინაოს და საგარეოს) მიხედოს და ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიების მიმტაცებელ, ყველა ევროპული ღირებულებების დამრღვევ და ფეხქვეშ გამთელავ სახელმწიფოსთან და მის ლიდერთან, მისი ქვეყნის მთავრობის ზედმეტად მჭიდრო ურთიერთობების მიზეზებში, შესაბამისად, ე.წ. დასავლურ ღირებულებებში გაერკვიოს.

3. საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილას გამოვაძახინებდი განმარტებებისთვის, მოადგილის ან დეპარტამენტის დირექტორის დონეზე. უფრო მწარე გადაწყვეტილებასაც მივიღებდი. გაკვეთილი იქნებოდა სხვებისთვის.

4. იგივე ეხება იტალიის ელჩსაც, თუ მანაც ჩადაუხვია რელსებიდან.

5. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს პრობლემებზე თვალები დავხუჭოთ, მაგრამ “ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე”.

ანუ, ჯერ სახელმწიფო და სუვერენიტეტია, ჯერ ელჩის საქმიანობის ფორმატია წესი და მერეა შიდა პოლიტიკა და პოლიტიკური ბრძოლა საქმე.