“ბრუნვები 19%-ით გაიზარდა და შეიქმნა 40 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი”

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქვს, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას ეფუძნება და მას ფონდი დადებითად აფასებს.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს კერძო სექტორში 2017 წელს ბრუნვები 19%-ით გაიზარდა და შეიქმნა 40 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკაში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მინდა მადლობა გადავუხადო მისიას მხარდაჭერისთვის, მისიის ყველა თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელს – ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, რომლის დახმარებაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი, ფისკალური მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, ქვეყნის სუვერენული გაჯანსაღების კუთხით და რა თქმა უნდა, საგადასახადო ბალანსის გაჯანსაღების კუთხით.

უნდა ითქვას, რომ თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდთან გვაქვს, მთლიანად ეფუძნება მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან პროგრამას და ფონდის მიერ დადებითად იქნა შეფასებული ეს პროგრამა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2018 წლის დასაწყისიც არის ძალიან კარგი. დასაწყისში, 2 თვის მონაცემებით გვქონდა ჯამში 4.9%, თებერვლის დინამიკა კიდევ უფრო უკეთესი იყო 5.5% გახლდათ. 40 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დინამიკში კერძო სექტორს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა, რომელიც სულ პრობლემა იყო, ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ეს არის 8.7%, რაც სერიოზული გაჯანსაღების შედეგია. 2017 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. მოგების გადასახადის რეფორმით მოხდა შიდა ინვესტიციების ზრდა. ის თანხა, რომელიც კომპანიას შეეძლო გაეტანა ქვეყნიდან, დარჩა ქვეყანაში, რეინვესტირდა და ეს თანხა გახლავთ 130%-იანი ზრდა 2016 წელთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საქონლის ექსპორტი პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა, ტურიზმიდან შემოსავალიც 28%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილები 20%-ით. ეს პოზიტიური დინამიკა აისახა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდში არის კარგი. ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა და ის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ჩვენგან მიდის პარლამენტში, კარგი გამოხატულებაა კოორდინაციის”, – ამბობს პრემიერი.