“ვინც გავბედეთ და შეწყალების თემას შევეხეთ, თურმე “ორკესტრირებული” ვყოფილვართ”

ამირან სალუქვაძე

გენერალი, სამხედრო ანალიტიკოსი, ბლოგერი

ბოდიში გვქონია ყველას მოსახდელი, ვინც გავბედეთ შეწყალების თემას შევეხეთ, ბლოგები დავწერეთ, ტელე/რადიო გადაცემები მოვაწყვეთ. “ორკესტრირებული” ვყოფილვართ ყველა.

მოგიწოდეთ, სიჩუმე სჯობს-მეთქი. სიჩუმის ნაცვლად შეურაცხყოფას გვაყენებთ მთელ საზოგადოებას.

ე.ი. კრიმინალის ზრდაზე შეიძლება კრიტიკული გადაცემები. მაგრამ, თუ კრიმინალის ზრდის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზს, კონვეირულ შეწყალებას (პარლამენტშიც გაჟღერდა ეს ტერმინი. ეტყობა ჩემი პოსტები აღწევს ქუთაისამდე), შევეხეთ, შავ პიარში ვართ ჩართულები?

იმაზე მეტი შავი პიარი რა იქნება, რასაც ეს სამი დღეა საუბრობთ, როცა ფარაონის რეზიდენციის (ასე მოიხსენიებენ უცხოელები. მოიკითხეთ დიპკორპუსში) ბინადარნი თავს უფლებას აძლევთ ხმამაღალი ტონით დაგვმოძღვროთ ტელეეთერიდან, ნაცვლად იმისა, რომ ოჯახს მიუსამძიმროთ და საზოგადოებას როგორც მის წინაშე ვალდებულებმა, ისე ესაუბროთ.

თურმე კონსულტაციები დაიწყეთ თქვენს მიერ შერჩეულ მესამე სექტორთან. თქვენ თქვენი მესამე სექტორი გყავთ. ამ დროს საზოგადოებაში ამ სფეროსთან დაკავშირებული უამრავი, სხვადასხვა სპეციალობის გამოცდილი ადამიანია.

ბოლო-ბოლო, ასეთ საკითხებზე არა მხოლოდ პროფილურ ენჯეოებთან, რომელთა დიდ ნაწილს ასეთ რთულ საკითხებში არანაირი ცხოვრებისეული, პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნიათ, რა გარანტია გვაქვს, რომ ამ ე.წ. კონსულტაციების შემდეგ უფრო ბრძნულად იმოქმედებთ?

იქნებ ფიქრობთ, რომ შეწყალების პრეროგატივა თუ კონსტიტუციურადაა მონიჭებული, ჩვენ აღარ გვეხება?

ან იქნებ ფიქრობთ, რომ ამ ბუტაფორიული კონსულტაციებით გადაიფარება მანამდე დაშვებული შეცდომები? პირიქით, მეტი ინტერესი გაჩნდა, რათა სრული და სიღრმისეული ანალიზი გაკეთდეს რა ხდება. კერძოდ, შეწყალებულთა კატეგორიები და რაოდენობა მუხლების, ასაკის და სქესის მიხედვით.

ვეთანხმები ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რათა კომისიაში შეყვანილი იქნან სპეციფიკური სპეციალობების ადამიანები. ოღონდ არა მხოლოდ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, არამედ იურისტები, სამძებრო-საგამოძიებო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სპეციალისტები. რა თქმა უნდა კომისიაში უნდა იყვნენ ჰუმანიტარული დარგების საზოგადოებისთვის საპატივცემულო ადამიანები. ასეთები არიან კომისიაში და რამდენიმე მათგანს (ყველას არ ვიცნობ) დიდ პატივს ვცემ.

როცა ისეთ ფაქტებს ვიგებთ, რომლებიც ამ ბოლოს გახდა ცნობილი, ასევე, როცა მოკრძალებული ტონის ნაცვლად, აქეთ უტტევთ საზოგადოებას, ეჭვი მიჩნდება, რომ ვერ ათვითცნობიერებთ პასუხისმგებლობას. არადა, თემა იმდენად მძიმეა, მართლაც გადის გადადგომის ან იმპიჩმენტის ზღვარზე. რა ვიცი, თუ ევროპელები ვართ, იქ პლაგიატს არ პატიობენ. არა, პირადად მე კონსტიტუციურ ვადებში მირჩევნია.

ფაქტია, რომ ძირეულადაა შესაცვლელი შეწყალების მიმართ მიდგომები, რადგან საკმაოდ სერიოზულ მასშტაბებს იღებს.

ჯერ წინა პრეზიდენტის დროს, 2012-13 წლებში, დიდი რაოდენობით პატიმარი იქნა შეწყალებული. ამ შეწყალების გაანალიზებაც საინტერესო იქნება.

შემდეგ მოჰყვა ქართული ოცნების მიერ განხორციელებული ამნისტია, რომლის შედეგად ციხეები ათასობით მსჯავრდებულმა დატოვა

ამნისტიის შემდეგ კი შეწყალების კომისია ამნისტიაზე არანაკლები მასშტაბის შეწყალებებს ახორციელებს და 3 ათასზე მეტ პატიმარს ყოველგვარი სერიოზული შესწავლის და ანალიზის გარეშე უშვებს თავისუფლებაზე.

ამ ყველაფრის, ანუ სამი მასშტაბური გათავისუფლებების შემდეგ, კიდევ კარგი კრიმინალური ფონი გვაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ადრე მხოლოდ გადაცემა პატრულში პოზიტიურად შუქდებოდა, ახლა კი საინფორმაციო გამოშვებების ნახევარი კრიმინალს ეთმობა.

ამით არ მინდა იმის თქმა, რომ პოლიცია იდეალურად მუშაობს. მხოლოდ იმას ვწერ, რომ უარესი ფონი უნდა იყოს.

პოლიციას რაც შეეხება, უამრავი ხარვეზია მის საქმიანობაში. განსაკუთრებით მოტივაციის პრობლემებია, რისი მიზეზიც არაა მხოლოდ ანაზღაურება და სოციალური საკითხები.

ეს ვრცელი თემაა და შემოვიფარგლები სურვილებით. კერძოდ, როგორც სამინისტროში გამაცნეს, სიღრმისეული და ფუნდამენტალური რეფორმები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით: სამძებრო, საგამოძიებო და ე.წ. უბნის ინსპექტორები.

ადრე მათი ფუნქციები იმდენად აირია, რომ ამ აღრევამ ძალიან სავალალო შედეგები მოგვცა და ინტელექტუალურ საქმიანობაზე მაღლა სხვა მეთოდები დააყენა. ეს ცალკე სასაუბრო თემაა. იმედია, დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე წარმატებით მიიყვანენ.

აუცილებლად უნდა შევეხო ამნისტიას, რადგან ამ თემაზე მუდმივადაა საუბარი, როცა კრიმინალს ვეხებით.

რა თქმა უნდა ამნისტიის სერიოზული ხარვეზი იყო ჩატაევის და სხვა პირების თავისუფლებაზე გამოშვება და ვერ ვისაუბრებ ისე, როგორც ეს დღეებია ვისმენთ “ექვს თვეში მაინც გამოვიდოდაო”. მოსაფიქრებელი იყო როგორ არ უნდა გამოსულიყვნენ გარეთ. ამავე დროს ვინც წვრილმან ხულიგნობაზე გაასამართლა საშიში დამნაშავეები, რაზე ფიქრობდნენ, ტროტილი ვერ ვუპოვეთ, იარაღი თუ ნარკოტიკი? რომ მოგეგოთ არჩევნები და ამნისტია არ შემდგარიყო, ხომ გამოვიდოდნენ გარეთ?

მოკლედ, ეს ხარვეზები ერთმანეთში გაარკვიეთ, მაგრამ ამნისტია რომ აუცილებელი იყო, ფაქტია. 20-კაციან კამერაში 60 პატიმრის ყოფნა არის წამება, მასობროვი წამება.

არავინაა ნულოვანი ტოლერანტობის წინააღმდეგი, მაგრამ ჯერ ნორმალურ ციხეებს უნდა აშენება.

თუმცა, საზოგადოების განკურნვა სხვა მეთოდებით სჯობს. ციხეების აშენებას ფაბრიკების, ფერმების, სასტუმროების და სკოლების აშენება სჯობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვეუბნება შეწყალების კომისია არაა სასამართლო სისტემის ხარვეზების გამოსწორების ინსტრუმენტიო.

მადლობთ ლექციისთვის. თუ არაა ხარვეზების გამოსწორების ინსტრუმენტი, რატომ ერევით ასე მასშტაბურად მის საქმიანობაში? რატომ აყენებთ თავს სასამართლო სისტემაზე, მოსამართლეზე მაღლა?

რატომ იწყალებთ ადამიანს, რომელიც იმდენად ახალგასამართლებულია, რომ მისი საქმე სააპელაციოშია?

მერე რა რომ არ იცოდით? ან ვის ჰკითხეთ? სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია ექვემდებარება თუ არა გასაჩივრებას. ნახეთ დადგენილება? კონკრეტულად მოიკითხეთ იყო თუ არა გასაჩივრებული? ეჭვი მაქვს, რომც გცოდნოდათ, სააპელაციოს შემდეგაც შეიწყალებდით.

სიუჟეტი იყო ერთ-ერთ საინფორმაციოში, შეიწყალა პრეზიდენტმა და რაღა აზრი აქვს სააპელაციო სასამართლოსო? აქვს აზრი. თუ უფრო მძიმე მუხლით გასამართლდა, ნასამართლეობა ამ ახალი მუხლით ექნება.

ხარვეზების გამოსწორების ინსტრუმენტი არააო და ამ დროს მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს აყენებენ კითხვის ქვეშ.

მაგალითად, თუ ერთსა და იმავე მუხლზე სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ვადები აქვთ მისჯილი, ვისაც მეტი აქვს, აკლებენ. მაშინ რაღაზე ვაწესებთ ასეთ ვადებს 2-დან 5-მდე, 7-დან 10-მდე და ა.შ.?

სასამართლო თვეობით იხილავს და შესაძლოა, ხარვეზების გამო, არასწორ გადაწყვეტილებას იღებდეს, მაგრამ კომისია 2-3 საათში როგორ ერკვევა ვითარებაში? მოსამართლემ უკეთ არ იცის ერთსა და იმავე დანაშაულზე რატომ მიუსაჯოს ერთს 2 და მეორეს 5? თქვენ რა ლოგიკით ასწორებთ, არითმეტიკაა?

ზემოთ აღნიშნულ სპეციალისტებს რაც შეეხება, არსებული მიდგომის და მუშაობის კონვეირული მეთოდის შემთხვევაში, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ვერაფერს იზამს. ფსიქოლოგმა ან უნდა გაესაუბროს, ან კოლეგის ნააზრევი წაიკითხოს. არც ერთის საშუალება ექნება, არც მეორეს.

ვიმეორებ მეოთხედ ბოლო ერთი წლის მანძილზე, დღეში 3-4 ადანიანის შეწყალების შემთხვევაში (სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, თუ წელიწადში 831 ადამიანი შეიწყალეს) სათითაო საქმის შესწავლა ფიზიკურად ვერ მოხდება. ხოლო თუ სტატიების და მუხლების მიხედვით იწყალებენ, მაშინ აღრეული გაქვთ ამნისტია შეწყალებაში.

ამნისტია კოლექტიურია, შეწყალება – ინდივიდუალური!

და ბოლოს. რატომ არ ხართ გამჭვირვალეები? სპეცსამსახურებისგან ვითხოვთ საჯაროობას. ამ დროს შეწყალების კომისიის საქმიანობას პრეზიდენტის გვერდზე ვერ მოიპოვებთ. რატომ?

გამოქვეყნდეს შეწყალების კომისიის ჯერ ბოლო ერთი წლის, შემდეგ კი ყველა დროის საქმიანობის დეტალური სტატისტიკა, გვარები, ოქმები და ა.შ. შემდგომშიც, ყოველი გამოცემული აქტი გამოქვეყნდეს პრეზიდენტის საიტზე.