მოზარდების მკვლელობა – “აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულზე…”

მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას სახალხო დამცველი აკეთებს.

ნინო ლომჯარია გამოძიების მიმდინარეობისას არსებულ ხარვეზებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოძიების მიერ არ იქნა მოპოვებული.

„ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ნამდვილად იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ გამოძიება თავის დროზე წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ბრალი არ ჰქონია წარდგენილი ყველა პირს, ვინც შესაძლოა მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. სანამ სააპელაციო სასამართლომაც არ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არასწორი სტრატეგიით და გამორიცხა იმ პირის ბრალი, ვისაც პროკურატურა ედავებოდა ერთი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ბრალი არ წარუდგინა სხვა პირს,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიხეილ კალანდიას დაკავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს. გარდა ამისა ამბობს, რომ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულზე, მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით.