“გირჩის” სკოლაში სწავლა წელიწადში 4-12 ათასი ლარი ეღირება

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თავის სკოლაში მოსაწვლეებს 1 ოქტომბრიდან მიიღებს.

როგორც bm.ge-ის „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა, მოსწავლეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო და „გირჩის“ სკოლას ქვეყანაში დღეს არსებული სხვა სკოლებისგან განსხვავებული კონცეფცია ექნება.

სკოლაში მოსწავლეები შერეულ ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად ისწავლიან.

კერძოდ, 5,6,7 წლის ბავშვები ერთ ჯგუფში იქნებიან, ხოლო 8,9,10 წლის ბავშვები – ერთად; ასევე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეები არდადეგების გარეშე, შაბათ-კვირის გარდა, მთელი წლის განმავლობაში ისწავლიან.

მეგრელიშვილის ინფორმაციით, სკოლა თავდაპირველად, ჯამში, მინიმუმ 300 ბავშვს მიიღებს, მაგრამ მათი რაოდენობა 1 000-მდე გაიზრდება; რაც შეეხება მასწავლებლებს, მათი რიცხვი პირველ ეტაპზე 50-მდე იქნება.

„მშობელი შეარჩევს პაკეტს, რამდენი ხნით და დღის რომელ პერიოდში მიიყვანს შვილს სკოლაში; სწავლის წლიური საფასური დამოკიდებული იქნება იმაზე, დღეში რამდენ საათიან პაკეტს აიღებს მშობელი – მინიმუმია 4 საათი; შესაბამისად, თუ კვირაში ხუთი დღის განმავლობაში 4-4 საათი ისწავლის მოსწავლე, ყოველწლიური საფასური 4000 ლარი იქნება, მაქსიმუმ 12 საათის შემთხვევაში კი – 12 000 ლარი წელიწადში. აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლაში ნიშნები არ დაიწერება. ამასთან, თუ ჩვეულებრივ სკოლებში წლის განმავლობაში დაახლოებით, 180 სასწავლო დღეა, ჩვენთან შესაძლოა, დაახლოებით, 260 დღე ვასწავლოთ; კლასობრივი სისტემა არ იქნება და ძირითადად, საერთო ინტერესების მქონე მოსწავლეები ერთად დაჯგუფდებიან“, – განუმარტა bm.ge-ის მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმითვე, სკოლაში ძირითადად ოთხი საგნის შესწავლა მოხდება, ესენია: მათემატიკა, ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება და ისტორია.
ასევე, შესაძლებელი იქნება „გირჩის“ სკოლის საჯარო სკოლასთან შეთავსება.

„ასეთი სკოლა საქართველოს საგანმანათლებლო კანონმდებლობით არ შეიძლება სკოლად ჩაითვალოს. გავცემთ სერტიფიკატს, თუმცა ის შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ არ აღიაროს და ეს სერტიფიკატი საზღვარგარეთ გავა. ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ასეთ სკოლას აკრედიტაციას მისცემს. თუ მისცემს, ჩვენ წინააღმდეგები არ ვიქნებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ თხოვნით სახელმწიფოს არ მივმართავთ. ჩვენ სკოლას გავაკეთებთ და სახელმწიფომ თვითონ გადაწყვიტოს, აღიარებს თუ არ აღიარებს“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

სკოლა სავარაუდოდ, ვაკე-საბურთალოს რაიონში იქნება; „გირჩი“ შესაბამის ფართს უკვე ეძებს.

ამასთან, „გირჩის“ სკოლაში მოსწავლეების რეგისტრაცია უკვე დაიწყო; მსურველებმა facebook-ზე „გირჩის“ ოფიციალურ გვერდზე სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.
„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სპეციალურად სკოლისთვის ახალი ვებგვერდიც გამზადდება;

გარდა ამისა, ხვალიდან, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, სკოლისთვის მასწავლებლების შერჩევის, ასევე კურიკულუმების შედგენის და ა.შ. სხვა პროცესებს თვალი facebook-ლაივსა და „გირჩის“ tv-ლაივშიც ადევნონ.

წყარო bm.ge