მურათ სონმეზი – „აღფრთოვანებული ვარ თქვენი რეფორმებით”

განათლების რეფორმა და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სწავლების პროცესში, – ამ საკითხებზე ისაუბრა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველ დირექტორთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები განათლების რეფორმის გატარების საკითხში საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა უჭერს მხარს. გამოითქვა სურვილი, რომ საქართველოში ერთობლივად შევქმნათ ისეთი განათლების რეფორმა, რომელმაც შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვოს სხვა ქვეყნებშიც. მათი ჩართულობა გამოცდილებას უზრუნველყოფს და საერთაშორისო დახმარების კუთხით მათი მხრიდან ძალიან აქტიური მონაწილეობა დავინახეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

„აღფრთოვანებული ვარ თქვენი რეფორმებით. განათლების მიმართულებით საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმატების ნიმუში გახდება. მე, როგორც ამ სამყაროს მოქალაქე, მოტივირებული ვარ, რომ საქართველო ხდება ლიდერი სწრაფად განვითარებადი რეფორმებით, ამიტომ მჯერა განათლების რეფორმის წარმატების და მას მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის C4IR-ის გლობალური ქსელის ხელმძღვანელმა მურათ სონმეზმა.