“მაღალმთიან სკოლებში მასწავლებლებს კანონით დადგენილზე ნაკლებ დანამატს აძლევენ”

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მიმართავს, რომ მინისტრის ბრძანების ნორმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებებში მდებარე საჯარო სკოლებში  მომუშავე მასწავლებლების დანამატს ეხება, კანონთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი.

2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარეზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს დანამატი ეძლევათ. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ეს დანამატი მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს 35 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

„მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგო  2016 წლის 18 აპრილიდან 405 ლარია, შესაბამისად, მაღალმთიან სკოლაში მომუშავე ყველა მასწავლებელმა 142 ლარზე ნაკლები დანამატი არ უნდა მიიღოს“, – განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„მწვანე კავკასიამ“ შეისწავლა მაღალმთიან სკოლებში მომუშავე მასწავლებლებისათვის დანამატის გაცემის მდგომარეობა და აღმოაჩინა, რომ მათ დიდ ნაწილს 142 ლარზე ნაკლებ დანამატს აძლევენ. „განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ2016 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით დაადგინა, რომ 142 ლარიანი დანამატი მასწავლებლებმა უნდა მიიღონ მხოლოდ სრული დატვირთვის შემთხვევაში, ხოლო თუ მათი დატვირთვა დადგენილ განაკვეთზე ნაკლებია, დანამატსაც პროპორციულად უმცირებენ. მასწავლებლებისთვის დანამატის არასრულად გაცემის გზით სახელმწიფომ ბიუჯეტში 2018 წელს 7 მილიონ 485 ათასი ლარი დაიტოვა,  – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„მწვანე კავკასია“ თვლის, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის კანონმა დაადგინა დანამატის მინიმალურიოდენობა, რომელიც საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან იანგარიშება და უნდა ეძლეოდეს ყველამასწავლებელს, მისი საათობრივი დატვირთვის მიუხედავად. ამ მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტების შემცველი წერილი ორგანიზაციამ my.gov.ge საიტის მეშვეობით მინისტრ ბატიაშვილს დღეს გაუგზავნა.