“რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ და რას ვიხილავდით ჩვენ?..”

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

გენერალი ანალიტიკოსი

-რა ხდებოდა ამ დღეებში ჩვენს ირგვლივ და ჩვენთან, რას ვიხილავდით ჩვენ?

1. დავიწყოთ მოლდოვათი. გუშინ მოლდოვას სამთავრობო კრიზისი პრეზიდენტ დოდონის გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიციონერმა პლახოტნიუკმა კარვების ქალაქი აიღო, გააუქმა მის მიერ გამოცხადებული მთავრობა და გადავიდა ოპოზიციაში.

შესაბამისად, დოდონის დანიშნული მთავრობა შეუდგება საქმიანობას. აქამდე თუ მხოლოდ პრეზიდენტი იყო რუსულ ორბიტაზე, ახლა მთავრობაც მისია.

რა მოხდება მოლდოვაში?

სამთავრობო კრიზისის დროს, კოზაკის ჩასვლის შემდეგ, საუბარი დაიწყო მოლდოვას ფედერალიზაციაზე, რასაც არ ეთანხმებოდა პლახოტნიუკი.

მოხდება კი რეალურად დნესტრისპირეთის დაბრუნება მოლდოვას შემადგენლობაში? ეჭვი მეპარება რომ ან საერთოდ მოხდეს ან მალე გადაწყდეს.

თუ მოხდება, ეს იქნება მხოლოდ სატყუარა უკრაინისა და საქართველოსთვის, რათა ამ ქვეყნებშიც დაიწყოს იგივე პროცესები. ყირიმს რუსეთი, ციცხალი თავით, აღარ დააბრუნებს, დონბასში დაიწყო ღია პასპორტიზაცია, ყველანაირი საერთაშორისო ნორმების და მორალის დარღვევით.

მოკლედ, მოლდოვა იქნება საქსრთველოს და სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენის ინსტრუმენტი.

ეს ყველაფერი ანალიზის საგანი უნდა იყოს. ჩვენს მედიას და პოლიტიკურ სპექტრს ამისათვის არ სცალია. დღის წესრიგს ოპოზიცია ქმნის, რომლის ეგრეთ წოდებულმა პროდასავლურმა ნაწილმა, ისევე როგორც მოლდოვას პროევროპელებმა, მხარი პრორუსულ დოდონს დაუჭირა. ხომ ხვდებით რა ფაფაა?!

2. ორი დღის წინ, ომანის სრუტეში ნავთობის ტანკერების (იაპონიის და ნორვეგიის) აფეთქება. ჩვენს მედია სივრცეში დიდი დაგვიანებით, მცირედით, მეცხრეხარისხოვან სიახლედ გავრცელდა. არადა, ეს ის ნაპერწკალია (ნაკვერჩხალიცაა), რომელიც შეიძლება აალდეს. რეგიონალურ ომს არ ველოდები, მაგრამ განხილვების საგნად უნდა ქცეულიყო.

3. პირველად 1978 წლის შემდეგ, ირანში ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიის პრემიერი, რომელიც ამ ქვეყნის სულიერ ლიდერს, პამენეის შეხვდა. უცხოური მედია წერს, რომ აბეს მიზანი ირანის და აშშ-ს შერიგება (მორიგება) იყო, რაც წარუმატებლად დასრულდა. რაც მოხდა ომანის სრუტეში, ზემოთ დავწერე. არც ეს ამბებია ჩვენთვის საინტერესო.

4. შუა აზიაში ზედიზედ ორი მსხვილი ფორუმი გაიმართა. ყირგიზეთმა ШОС-ს (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) უმასპინძლა. მსოფლიოს ნახევარი მისახლეობის ლიდერები იყვნენ თავმოყრილი. ტაჯიკეთი კი უსაფრთხოების ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც 27 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს და აქაც თამადა რუსეთია. აზერბაიჯანიც მონაწილეობს. წესით, უნდა გვაინტერესებდეს.

5. ჩვენი მთავრობა ვაშინგტონში იყო. შეხვედრები სახელმწიფო მდივანთან, აშშ-ის მინისტრებთან, ბიზნესწრეებთან. რა გაჩაშუქეთ? ორი დღე ვატრიალეთ აგვიწია თუ არა ყური პომპეომ. თავმოყვარეობა რომ არ გვაქვს, დიდი ხანია მივეჩვიე. თუ ვინმემ ყური აგვიწია, წესით უნდა გავღიზიანდეთ. ჩვენ გვიხარია, რადგან, ჩვენი აზრით, მხოლოდ მთავრობას ეხება.

პომპეოს პრეტენზიების გამოთქმა თუ სურს, ამისათვის პრესმდივანი ჰყავს. საელჩოსაც შეუძლია გადმოგვცეს სათქმელი.

წესით სერიოზული ინტერესის საგანი უნდა ყოფილიყო სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორთან. აქამდე პრეტენზიად ვუყენებდით ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობები უნდა გავააქტიუროთო. აჰა, შეხვდა მინისტრი თურნავა მინისტრ როსს. მოაწერეს ხელი საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას. ალბათ კიდევ ისაუბრეს ან შეთანხმდნენ რაიმე სასარგებლიზე. მთავრობისგან თუ გავიგებ როგორმე, თორემ არცერთი სიუჟეტი, არცერთ არხზე.

კიდევ ბევრი რამ ხდებოდა. რაღაც პროცესები იდლიბში. რუსეთ-უკრაინის ენერგოთანამშრომლობის შესაძლო განახლება და ა.შ.

სამაგიეროდ, რამდენიმე დღეა ვაკრიტიკებთ აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოებს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერისთვის.

ამ დღეების მთავარი განსახილველი თემა იყო “ლგბტ პრაიდი”. მისი ორგანიზატორს დავატარებდით არხიდან არხზე. ამ თემაზე გუშინ დავწერე და აღარ გავაგრძელებ.

დიდხანს ვიხილავდით კარასინის მორიგ მუქარებს. ნეტა რა პასუხებს ელოდით?! მიდის ჟურნალისტი, უშვერს მიკროფონს და ეკითხება რას ფიქრობს კარასინი პომპეოს განცხადებებზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან და ანაკლიასთან დაკავშირებით.

რა უნდა ეთქვა, მივესალმებით და მხარს ვუჭერთო? ან ახალი რა გაიგეთ? გადაახვიეთ სამი თვის წინანდელი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება.

სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!