“სიყვარული და არა მასებში ძალადობრივი განწყობების დათესვა-ისპირაცია!..”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

მიმდინარე მოვლენებსა და აქტუალურ თემებზე…

ქრისტიანული თეოლოგიისა (ზნეობრივი ღვთისმეტყვ.) და ანთროპოლოგიის მიხედვით ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს – ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული.

სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, რამეთუ იგი ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა. ჰომოსექსუალიზმი, თუ ის პრაქტიკაში არ ნახულობს რეალიზაციას, ცოდვა კი არ არის, არამედ დადგენილი ნორმიდან ცოდვიანი, ურჩი გადახრაა.

ცნობილი ღვთისმეტყველი – დეკანოზი ვლადიმერ შმალი, აღნიშნავს:

“ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანი თავისუფლად შეიძლება კარგი ქრისტიანი იყოს. უფრო მეტიც, ვიღაცისთვის ჰომოსექსუალიზმი შეიძლება ერთგვარი გამოცდა და ჯვარია, ისეთივე როგორიც რაიმე სხვა დაავადება ან ცოდვიანი მიდრეკილება, რომელთნაც ქრისტიანს უწევს ბრძოლა. მაგრამ აი ჰომოსექსუალური ურთიერთობები და მისი პროპაგანდა კი ცოდვაა”.

მკაფიოდ უნდა ითქვას,რომ გარდა ქორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა, ღვთისა და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი რამ: ქრისტიანი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის არჩევნის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ და ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ, ამავდროულად, რჩება ავტონომიური ასევე ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად მოიწონოს, ან არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი.

თანახმად პავლე მოციქულისა – “ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს”.

აქვე დავძენ, რომ არცერთი ცოდვის ცალკეულ კატეგორიაში (მძიმე, უმძიმესი, მსუბუქი) მოაზრება არ შეიძლება. მთლიანობაში პირობითია რანგობრივი კლასიფიკაციის მიხედვით ცოდვათა კვალიფიცირება. შესაბამისად დაუშვებელია ამა თუ იმ ცოდვაში მყოფი პირის (განურჩევლად იმისა თუ რა ცოდვის, ანუ როგორი სულიერი სნებოვნების მატარებელიც არ უნდა იყოს იგი, მაგ.: მრუშობა, მკვლელობა, მამათმავლობა, მრისხანება, ნაყროვანება, ცილისწამება, შური და სხვ.) სტიგმატიზება. ალბათ გსმენიათ ე.წ. “მომაკვდინებელი ცოდვების” შესახებ, რაც პრინციპში, არსობრივად თავის თავში ნებისმიერ ცოდვას გულისხმობს და არა ცალკე აღებულ რომელიმეს, რამეთუ ყოველი ცოდვა საზიანოა სულისათვის და იგი ადამიანს აუცხოვებს მადლის მიმღეობის გზაზე ღმერთთან ურთიერთობაში.

ზოგადად, ცოდვები და შეცდომები კი არ არის დამღუპველი, არამედ სინანულის არქონა.

ამდენად, ქრისტეს ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის! “არა მოველ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად” – ამბობს თავად უფალი. დიახ, მაცხოვარი ჯვარზე სიყვარულით ავიდა უკიდურესად ცოდვილი და იმ ყველაზე უფრო “მიუღებელი ადამიანისთვისაც” ვინც ჩვენ ხშირად გვძულს ხოლმე თავისი საქციელის, ცოდვისა თუ მდგომარეობის გამო.

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ნებისმიერი ცოდვისა თუ უკეთურების დაძლევის გზაზე ეკლესია ისეთივე უძლური უნდა იყოს, როგორც ღმერთი და როგორც სინდისი, რომელიც ურჩევს, შეაგონებს და არცერთ შემთხვევაში არ ძალმომრეობს. სხვა ლეგიტიმური ბერკეტი ღვთივბოძებულად ეკლესიას არ გააჩნია. ანუ ქადაგება, ლოცვა და პირადი (ჯანსაღი) მაგალითის პრეზენტირება ეკლესიის გადაუდებელი მისიაა. მისი პრეროგატივა არასდროს ყოფილა კანონშემოქმედებით ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე იმპერატიული ზეწოლა. ორიათასწლოვანი ეკლესიას არსებობის მანძილზე, ისტორიულად არასდროს მოუხდენია ცოდვილთა სეგრეგაცია რიგორისტული აგრესიით. მორალიზმი არაა ცოცხალი რწმენისთვის დამახასიათებელი თვისება, რადგან ის მიტევების, სხვისი რეაბილიტირებისა და საკუთარი ცოდვების გლოვის მიღმაა, რამეთუ ჯოჯოხეთით მუქარა ჩანასახშივე სპობს სინანულის შესაძლებლობასა და სურვილს ცოდვილ ადამიანში. ცოდვა მიუღებელი და უარყოფილი უნდა იყოს მორწმუნისათვის, მაგრამ ეს არასოდეს არ უნდა გახდეს საფუძველი ცოდვილის ფიზიკური დევნისა და მასზე თავდასხმის. ეკლესიის პრეროგატივა არა დასჯა, არამედ გადარჩენის გზებზე სიყვარულით აპელირებაა ყველასადმი. არ დაგავიწყდეთ რომ ქრისტეს – ფარისევლები, სადუკევლები, სჯულის მეცნიერები და მწიგნობრები ყველანაირისადმი შანსის მიცემას უწუნებდნენ…

წმ. პავლე მოციქული, როცა რომაელებს ეპისტოლეში ჰომოსექსუალიზმზე წერს, ყველგან გულისტკივილი და სინანულისკენ მოწოდება იგრძნობა და არა მასებში ძალადობრივი განწყობების დათესვა-ისპირაცია.

ასეთია ახალი აღთქმის ეკლესიის მდგენელი…