“ნუ წაართმევ ბავშვობას!”

17-06-2019

ნუ წაართმევ ბავშვობას – შსს ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“ იწყებს.
2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შეთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები მიიღებენ. ასევე, დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.
საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.