“დავინახე აგრესიის და სიძულვილის მკაფიო ნიშნები, არ დავუშვებთ კანონის დარღვევას!”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით. ამ შინაარსის განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც ვერის ბაღში გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით, ხელისუფლების ფუნქცია და როლი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა უზრუნველყოს კანონის დაცვა. ეს ფუნქცია იქნება შესრულებული.

„მნიშვნელოვანია არ მოხდეს ვითარების გამძაფრება ხელოვნური თუ არახელოვნური ფორმით. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს სიმშვიდის შესანარჩუნებლად. არ დავუშვებთ კანონის დარღვევას.

აგრესია და სიძულვილი არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება კანონით განსაზღვრული ფორმებით.

მე დავინახე გუშინ აგრესიის და სიძულვილის მკაფიო ნიშნები. რაც შეეხება სამართლებრივ კვალიფიკაციას, ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ ორგანოების შეფასება, რომლებიც არიან პასუხისმგებელი. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე.

დაველოდოთ მათ. აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.