“ელოდე აქციებს მოსკოვში! ეს არის შურისძიება არა ქართველების, არამედ რუსების მიმართ”

თბილისში ლოზუნგით “რუსეთი ოკუპანტია” მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ახალი ავიაბლოკადა დაუწესა და “უსაფრთხოების დაცვის მიზნით” საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია გამოაცხადა. “აქცენტმა” კრემლის ამ გადაწყვეტილებაზე რუსეთის ცნობადი სახეების პირველ კომენტარებს მოუყარა თავი.

RTVI-ს შეფ-რედაქტორი ტიხონ დზიადკო: 

“სადღაც მინსკში ზის ავიაკომპანია “ბელავიას” გენერალური დირექტორი და ხელებს იფშვნეტს:)))”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანდრეი პივოვაროვი: 

“საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც დასასვენებლად ყოველწლიურად ათასობით რუსი ჩადის. იქ 4-5-ჯერ ვარ ნამყოფი და რიგითი რუსების მიმართ ერთი გადაკრული სიტყვა არავისგან მომისმენია. პუტინის სანქციები – ეს არის შურისძიება არა ქართველების, არამედ რუსების მიმართ”.

Znak.com-ის შეფ-რედაქტორი დიმიტრი კოლეზევი: 

“საქართველოსკენ ფრენების აკრძალვა თავად რუსეთში საპროტესტო მუხტს მნიშვნელოვნად გაზრდის: ამ ქვეყნისკენ ტურისტული ნაკადის ძირითად ნაწილს ახალგაზრდა, აქტიური რუსები წარმოადგენენ და დიდი ალბათობით, სულ მალე ამ ადამიანებს მოსკოვის ცენტრში საპროტესტო აქციებზე ვიხილავთ,  რადგან მათ [საქართველოში] უკვე ნახეს, რომ არსებობს მსოფლიოში ადგილები, სადაც რუსეთისგან განსხვავებული წყობაა, სულ სხვა სისტემა და ახლა სამშობლოშიც ცვლილებები სწყურიათ».

«Медиазона»-ს მთავარი რედაქტორი სერგეი სმირნოვი: 

«სრული ბოდვაა ეს სანქციები!».

საქართველოში მცხოვრები აქტივისტი რუსეთიდან ნიკოლაი ლივშიცი:

“უკვე 5 თვეა, საქართველოში ვცხოვრობ, ამ ხნის განმავლობაში აქ ასობით მეგობარმა ჩამომაკითხა და კიდევ უამრავი აპირებდა ჩამოსვლას. მათთვის ავიამიმოსვლის აკრძალვა უდიდესი დარტყმა იქნება, უპირველესად, სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე! რაც შეეხება ბოლო დღეების საპროტესტო აქციებს, მათი მონაწილეები პუტინის,  კრემლის პოლიტიკას აპროტესტებენ და არა რიგით  რუსებს ერჩიან”.

ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი: 

“დიდი ხანია, ვამჩნევ, რომ პუტინს მრჩევლები პაპკებში სრულ ბოდვას უდებენ, მაგრამ ეს უკვე მართლაც მეტისმეტია! აუხსენით ვინმემ “ბაბუს” [პუტინს], რა ხდება რეალურად საქართველოში, თორემ ასე სრულ იდიოტად გამოიყურება!”.

ჟურნალისტი ილია ბარაბანოვი:

“ერთი კვირის წინ დამირეკეს და აგვისტოსთვის თბილისში მედიასემინარზე მიმიწვიეს. უარი ვთქვი – დრო დამენანა. ახლა კი ვფიქრობ, აუცილებლად წავალ საქართველოში”.

ბლოგერი ოლეგ კოზირევი:

“იმის მაგივრად, რომ საქართველოში ჩასვლა “მართლმადიდებელი” კომუნისტი გავრილოვისთვის აეკრძალა, პუტინმა ეს მთელს რუს ხალხს აუკრძალა….”

მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე იულია გალიამინა:

“ჩვენი ოჯახისთვის სადღეისოდ საქართველო მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. რატომ – ჯერ ვერ გაგიმხელთ. მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობების დაძაბვა ჩვენთვის დღეს სრული კატასროფაა, საშინელილ დარტყმა”.

წყარო – accentnews.ge