“დაველოდოთ არჩევნებს და ის გადაწყვეტს, ვინ დარჩეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს…”

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კიდევ ერტხელშეაფასა 20 ივნისის ღამის მოვლენები.

-ახალგაზრდების პროტესტი გულწრფელია და პარლამენტში მომხდარი ამბავი აღმაშფოთებელი იყო, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე არ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო-ამას ვამბობ ძალიან რბილად. ამისთვის გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი, ჯობდა უფრო ადრე, მაგრამ გადადგა…

ვიღაცას და ვიღაცებს აწყობთ ის, რომ ხელისუფლება მოირღვეს და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რისთვისაც მიმართავენ ყველანაირი პროტესტის, მათ შორის ახალგაზრდების პროტესტის გამოყენებას.

შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, როგორ წავა ეს მდგომარეობა სიმშვიდისკენ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობები ყველას მიერ არის აღებული.

ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მშვიდობიანად, სტაბილურად მივიდეს არჩევნებამდე და თუ ამ არჩევნების შედეგად დაბრუნდება ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ან რომელიმე მისი დანაყოფი, ამაში პრობლემას ვერ დავინახავთ.

ამიტომ, მათ მოუწევთ დაელოდონ არჩევნებს და ის გადაწყვეტს, ვინ დარჩეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს. იყოს კოალიციური თუ არა. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების მორალურ მხარეს, რომელზეც ოპონენტები ამბობენ, რომ დაკარგა, მე გეტყვით – რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ეს არ მომხდარიყო, ჯობდა, რომ პარლამენტს, ორგანიზატორებს გამოეჩინათ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის, ყურადღების ხარისხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამას არ გადაყვეს დანარჩენი. უნდა მივცეთ გზა გამოძიებას.

სიმშვიდის დროა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების პროტესტი გულწრფელია და პარლამენტში მომხდარი ამბავი აღმაშფოთებელი იყო. მაგრამ აპროტესტებდე პარლამენტის დარბაზში გავრილოვის გამოსვლას და შემდეგ პარლამენტზე მიგქონდეს შტურმი, ეს ალბათ არავითარ შესაბამისობაში არ მოდის”