საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ხელმძღვანელობას სპეციალურად გამართული ბრიფინგიდან მიმართა. ზურაბიშვილმა ბრიფინგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრით დაიწყო.

„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს პროვოკაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.

აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.