16 მდუმარე დეპუტატი, რომელთაც ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში წარმოადგენს IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევას, რომელიც   2018 წლის 1 იანვრიდან  2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:

საკანონმდებლო პროცესი

  • შემცირდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნები. IX მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს (2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) დაჩქარებული წესით 213 კანონპროექტი განიხილა,  2018 წელს კი – მხოლოდ 180 კანონპროექტი;
  • შემცირდა გამარტივებული წესით განხილული კანონპროექტების რაოდენობა. IX მოწვევის პარლამენტმა უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო 77 კანონპროექტი, ხოლო საანგარიშო პერიოდში – 11 კანონპროექტი (9 კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები იყვნენ, 2 კანონპროექტის ინიციატორი იყო მთავრობა);
  • გაიზარდა პარლამენტის კომიტეტების მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების მაჩვენებელი (წინა წლებში თუ 15 კომიტეტიდან მხოლოდ 7-ს ჰქონდა პარლამენტის ვებგვერდზე  ყოველწლიური სამოქმედო გეგმები განთავსებული, 2018 წელს – უკვე 13 კომიტეტს);
  • ყველაზე აქტიური კვლავ  იურიდულ საკითხთა კომიტეტი იყო, რომელმაც 58 სხდომა ჩაატარა, 593 კანონპროექტი განიხილა, 13 საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა და კანონპროექტებზე 355 შენიშვნა გამოთქვა;
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა და გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავეს კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგია; გენდერული თანასწორობის  საბჭო აქტიურად მუშაობდა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე.

ზედამხედველობის განხორციელება

  • პარლამენტმა მიიღო ახალი რეგლამენტი, რომელითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები;
  • საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე. როგორც VIII მოწვევის პარლამენტის, ისე IX მოწვევის პარლამენტის პრაქტიკაში ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს მიაღწია. 2018 წელს პარლამენტს სულ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის 6 მოთხოვნა წარედგინა;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რაც საზედამხედველო კუთხით სრულიად ახალ პრაქტიკას წარმოადგენს. ჯგუფმა ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა შეისწავლა;
  • გაიზარდა პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა მთავრობის წევრების და ანგარიშვალდებული ორგანოების მიმართ. 2018 წელს 40 პარლამენტის წევრმა 482 კითხვა  დასვა  (წინა წლის მაჩვენებელი: 25 პარლამენტის წევრმა – 182 კითხვა);
  • ოპოზიცია უფრო აქტიურად იბარებდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს ფრაქციის სხდომებზე. IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის საწყის წელს ოპოზიციამ 11 ასეთი მოთხოვნა გაგზავნა, 2018 წელს კი – 21. თუმცა მიწვეული თანამდებობის პირები არცერთ სხდომაზე არ გამოცხადებულან; ფრაქციის სხდომებს ყველაზე მეტჯერ არ დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

ღიაობა და გამჭვირვალობა

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ მარტივად გადაადგილდნენ პარლამენტის შენობაშიც და ტერიტორიაზეც მათთვის საგანგებოდ ადაპტირებულ გარემოში;
  • პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება პლენარული სხდომების აუდიოოქმები;
  • პარლამენტმა განახორციელა თვითშეფასება, რაც საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება იყო.

საანგარიშო პერიოდში შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:

პარლამენტის საქმიანობის კონკრეტული მიმართულებით არსებული ცალკეული გამოწვევების გარდა, აღსანიშნავია პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის პრობლემა, კერძოდ, უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მხრიდან აგრესიული ტონი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. სამოქალაქო სექტორზე აგრესიული თავდასხმები და არაკონსტრუქციული დამოკიდებულება ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც აღნიშნა 2018 წელს გამოქვეყნებულ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ  ანგარიშში.

ზედამხედველობის განხორციელება

●       მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს უფრო მეტად პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ, ვიდრე  რეალური კონტროლის განსახორციელებლად;

●       პარლამენტის წევრების კითხვების უმეტესობა კვლავ სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა. პარლამენტის წევრები საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს არ იყენებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლისათვის;

●       ნდობის ჯგუფის შემადგენლობა საანგარიშო პერიოდშიც  არასრული იყო;

●       აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პარლამენტის კომიტეტების სხდომებს და პარლამენტს პერიოდულად წარუდგენდნენ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, თუმცა სხდომებს მეტწილად არა მინისტრები, არამედ მათი  მოადგილეები და უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ;

●       პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.

პარლამენტის წევრთა ანგარიშვალდებულება

● საანგარიშო პერიოდშიც პარლამენტის წევრების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა  პრობლემური საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია (IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს დაფიქსირდა 1430 გაცდენა, 2018 წელს – 1500 გაცდენა).

●  პარლამენტის წევრებმა საანგარიშო პერიოდშიც დაარღვიეს საპარლამენტო ეთიკის ნორმები. თუმცა ამ დარღვევებს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია;

  •  IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ: ლევან ბეჟანიძეს (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევს (უმრავლესობა), ელგუჯა გოცირიძეს (უმრავლესობა), მახირ დარზიევს (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძეს (უმრავლესობა), თეიმურაზ კოხრეიძეს (უმრავლესობა), გიორგი თოთლაძეს (უმრავლესობა), გიორგი კოპაძეს (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძეს (უმრავლესობა), სამველ მანუკიანს (უმრავლესობა), რომან მუჩიაშვილს (უმრავლესობა), თამაზ ნავერიანს  (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძეს (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანს (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბიას (უმრავლესობა), ვიქტორ ჯაფარიძეს (უმრავლესობა).

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება

პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში ცვლილებები, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი,  ელექტრონული პეტიციების დანერგვა და ა.შ.

საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, წარმოადგენს სასამართლოს რეფორმის „მეოთხე ტალღის“ საკანონმდებლო ინიციატივები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონი და ა.შ.

კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული რამდენიმე საკანონდებლო ცვლილება, მათ შორის  საპენსიო რეფორმა და პარტიების დაფინანსების წესის  ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას თუნდაც ერთი მაჟორიტარის გაყვანის შემთხვევაში  საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პრიზები გასცა შემდეგ ნომინაციებში:

  • პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი – ეკა ბესელია
  • პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან – ზურაბ ჭიაბერაშვილი
  • პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე  უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან – რომან გოცირიძე
  • ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი – ხათუნა გოგორიშვილი
  • ყველაზე აქტიური კომიტეტი -იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
  • საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი