“ჯამში 2 მილიონი და აკრძალვა…” – პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე…

საგამოძიებო უწყება ანაკლიის პორტის აქციონერებს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას და დიდი ოდენობით შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.

როგორც პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით თითო-თოთო მილიონ ლარს ითხოვს. პროკურორის თქმით, გირაოს გარდა, ასევე მოსამართლეს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე აეკრძალოთ.

პროკურორის განცხადებით, საქმეში მათი ბრალეულობის დამადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები დევს.

მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების შესახებ მათ პრესიდან შეიტყვეს. ხაზარაძე ამბობს, რომ მას და ბადრი ჯაფარიძეს კანონი არასდროს დაურღვევიათ და ისინი კანონმორჩილი ადამიანები არიან.

ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში შესვლამდე ასევე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ორი დღის წინ გამართულმა ბრიფინგმა, როდესაც მათ ბრალი წაუყენეს, ქვეყანას სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა.

ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ გირაოს არ ეთანხმება.