ასამბლეა-მოვლენების სტიმული და დეპუტატების საქმიანობის გამჭვირვალობის ნაკლებობა…

ბლოგი

ქეთი მიქაძე

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა

საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი 10 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრია. ეს დელეგაციებია: ევროპის საბჭოს, ნატოს, ეუთოს, ევრონესტის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის, ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეები, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, საპარლამენტთაშორისო კავშირი, დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა.

სურვილი გვქონდა გავცნობოდით ამ დელეგაციების აქტივობებს,  პარლამენტარების ჩართულობას და საქმიანობას ამ მიმართულებით, მაგალითად, ოქმები, უცხოეთში ჩატარებული ვიზიტების რაოდენობა, დახარჯული თანხები, ქვეყნისთვის მოტანილი შედეგები თუ პერსპექტივები და ა.შ., თუმცა საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, რაც, რბილად რომ ვთქვათ ხალხის არჩეული და დაფინანსებული დეპუტატების ანგარიშვალდებულების და საქმიანობის გამჭვირვალობის ნაკლებობაზე მიუთითებს.

ამჯერად მხოლოდ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, რომელიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების სტიმულად იქცა. ეს საერთაშორისო ფორუმი არც პარლამენტის მხრიდან და არც ქართულ მასმედიაში (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინტერვიუს დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან) საკმარისად არ გაშუქებულა, შესაბამისად, ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოსთვის, შედარებით მწირია. შევეცდებით მოგაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები იმ მასალაზე დაყრდნობით, რისი მოპოვებაც შევძელით. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ახალგაზრდა საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 26 წლის წინ საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. მისი წევრები არიან: ალბანეთი, ბელორუსი, ბოსნია და ჰერცეგოვინა,ბულგარეთი, ესტონეთი, სომხეთი, იორდანია, საბერძნეთი, საქართველო, ყაზახეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიბანი,პალესტინა, მოლდოვა,პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი,სერბეთი, უკრაინა,მონტენეგრო, ხორვატია,დროდადრო ლიეტუვა და ფინეთიც იღებენ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას. მონაწილეობენ აგრეთვე დეპუტატთა ჯგუფები და ცალკეული დეპუტატები ავსტრალიიდან, აშშ-დან, არგენტინიდან, კანადიდან, ეგვიპტიდან, ჩილედან.

XX საუკუნეში მიმდინარე ისტორიული ცვლილებები (კომუნისტური რეჟიმების რღვევა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაასტრიხტის ხელშეკრულება დასავლეთ ევროპაში) ევროპაში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ასეთ რეალობაში მართლმადიდებლურმა სამყარომ ევროპული კულტურის ფორმირებაში მართლმადიდებლობის პროგრესული როლის წარმოჩინების საჭიროება დაინახა.  ამ მიზნით, 1993 წელს ბერძენმა პარლამენტარებმა ჰალდიდიკში გამართეს კონფერენცია თემაზე – „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“.

კონფერენციამ განიხილა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, მთავრობებთან, პარლამენტებთან, ეკლესიებთან და სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური ინსტიტუტებთან მუდმივი კონტაქტების შესაძლებლობები, რომლებიც მართლმადიდებელ მოსახლეობას წარმოადგენენ, ასევე მართლმადიდებელ ხალხებს შორის თანამშრომლობის სხვა ორგანიზაციული ფორმები.

ონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციაში ხაზი გაუსვეს მართლმადიდებლობის როლს აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანებაში და მის უნარს, გახდეს ხიდი ევროპის სხვა კულტურებთან მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების მიზნით. დამფუძნებელიაქტით, რომელიც 1993 წელს გენერალურმა ასამბლეამ ათენში დამფუძნებელ სხდომაზე მიიღო, შეიქმნა ასამბლეის ორგანოებია: გენერალური ასამბლეა და საერთაშორისო სამდივნო.

ასამბლეის საქმიანობის ძირითადი მომენტები:

2005 წლის 22 მარტს, პარაფირებულ იქნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და ისლამური კონფერენციის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საპარლამენტო კავშირს (PUIC) შორის შეთანხმების პროექტი;

2011 წლის 19 მაისს, იოჰანესბურგში, ხელი მოეწერა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თანამშრომლობის დოკუმენტი პანაფრიკულ პარლამენტთან (PAP).

საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაფართოების ფარგლებში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში(PABSEC) და საპარლამენტთაშორისო კავშირში(IPU)  დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა.

ეკონომიკური კრიზისის წარმოშობის პერიოდში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ გენერალური ასამბლეის სხდომებზე იმსჯელა იმ საკითხებზე , რომლებიც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს შეეხებოდა და მიიღო შესაბამისი რეზოლუციები-დასკვნები: ბელგრადში 2009 წლის ივნისში, თემაზე – „მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მისი ზედაგვლენა ევროპის სოციალურ, სულიერ და კულტურულ ტრადიციებზე. მართლმადიდებლობის როლი“, 2011 წლის წლის ივნისში, პარიზში, თემაზე – „ეკონომიკურ კრიზისში მყოფი მსოფლიოს რელიგიური ფასეულობები“, პრაღაში 2012 წლის ივნისში, თემაზე – „დემოკრატიის წინაშე მდგარი პრობლემები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პირობებში“.

2013 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის მე-20 საიუბილეო სხდომაზე, ათენში, წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებმა (მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა) ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას; 2014 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის 21-ე სხდომაზე; მოსკოვში, ანალოგიურ დეკლარაციას ხელი მოაწერეს წევრი ქვეყნების კულტურის მინისტრებმა (ადგილმდებარეობის გამო საქართველოდან დელეგაცია არ წასულა).

2015 წელს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წევრი ქვეყნების პარლამენტის სპიკერთა მე-4 შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ წარმოადგინა თავისი პოზიცია მიგრაციის პრობლემებთან და ათასობით ლტოლვილის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ევროპაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან გადაადგილდნენ.

საქართველოსთვის ამ ასამბლეას, როგორც ყველა დანარჩენ საერთაშორისო ფორუმს, ერთი უმთავრესი  მიზანი აქვს – ყველა საერთაშორისო არენა ოკუპაციის დასაგმობ პლატფორმად გამოიყენოს. რუსეთისთვის ეს ის მოედანია, სადაც რელიგიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების დიდი ასპარეზი იშლება.  მისი კომფორტის ზონიდან გამოყვანასა და მთავარი მოთამაშის როლის თუნდაც უმნიშვნელო შესუსტებაზე რუსეთის ორბიტიდან თავის დაღწევის მსურველმა ქვეყნებმა – საქართველომ, მოლდოვამ, უკრაინამ და სხვა, აუცილებლად უნდა იზრუნონ, მითუმეტეს, ასამბლეაში წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა ამის საშუალებას იძლევა. სწორედ ეს უნდა იყოს ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეის მუშაობაში აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეკონომიკური თვალსაზრისითაც შესაძლოა ამ პლატფორმის გამოყენება, კერძოდ, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ცნობადობის ამაღლება, შედეგად, ტურიზმზე, აღნიშნულ შემთხვევაში კი მისი ერთ-ერთი პოპულარული სახეობის – პილიგრიმული ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენი ქრისტიანული ტრადიციების გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი ამ კუთხით კონკურენცია გაუწიოს ისრაელს, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ.

ამ ინფორმაციით თემა არ დაგვისრულებია, შევეცდებით შემდეგ წერილში საქართველოსა და ასამბლეის თანამშრომლობაზე გიამბოთ, რომელიც 2011 წლიდან იღებს სათავეს.