“თამთას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, იურისტია და თვითონ იცის…”

„რუსთავი 2-ის” ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თამთა მურადაშვილის თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.

შეტყობინებაში მითითებულია, რომ მას ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე ათავისუფლებენ, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს დარღვევა, ამის შესახებ შეტყობინებაში არაფერი წერია.

თამთა მურადაშვილი ფიქრობს, რომ ეს დასაწყისია იმისა, რომ მომავალში ზეწოლა უკვე ჟურნალისტებზე განხორციელდება, მათ კი იურისტი არ ეყოლებათ, რათა დახმარებისთვის მიმართონ.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორმა სამსახურიდან იურისტის, თამთა მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. პაატა სალია ამბობს, რომ მურადაშვილმა ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები დაარღვია.

„თამთას შვებულებაზე დასტური მე არ მიმიცია. თამთამ წარმომიდგინა დოკუმენტი, რომლითაც, თითქოს, დიტო საძაგლიშვილი უშვებდა მას შვებულებაში, რაზეც მას განვუცხადე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომპანიაში დადგენილი და, შესაბამისად, ჩემთან უნდა შეთანხმებულიყო და მე ამაზე პასუხს გავცემდი. არ არის სიმართლე, რომ, თითქოს, ის ჩემთან იყო შეთანხმებული. მეორე რაც შეეხება, არსებობდა გათავისუფლების საფუძველი, მე მითითებული მაქვს შეტყობინებაში, რომელიც მას გაეგზავნა, ის ნორმები, რომელიც დაარღვია, შესაბამისად, მას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, იურისტია და თვითონ იცის, რა ზომებს უნდა მიმართოს. თუ მას აქვს პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოში გავცემთ პასუხს,“ – განაცხადა პაატა სალიამ.