სიახლეები – სკოლამდელ სისტემაში მიმდინარე რეფორმების საკომისიო განხილვები

განათლებისა და კულტურის კომისია განაგრძობს თბილისის სკოლამდელ სისტემაში მიმდინარე რეფორმების საკომისიო განხილვებს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2019 წელს ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოებისა და განხორცილებული რეფორმების შესახებ იმსჯელეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის თქმით, კომისია სისტემატურად განიხილავს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ანგარიშს გამჭვირვალობისა და საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის შესაბამისად.

სხდომაზე ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა,  კახაბერ გვანცელაძემ წარმოადგინა ამომწურავი ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების, უსაფრთხოების, აღსაზრდელთა კვების, პერსონალის ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროექტების,ადამიანური რესურსების, ინსტიტუციური განვითარებისა და ინოვაციური პროექტების,  ასევე, შესყიდვებისა და ფინანსების შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით თბილისის ბაგა-ბაღებში შექმნილი ფსიქოლოგების, სპეც-პედაგოგებისა და ლოგოპედების მულტიფუნქციური ჯგუფები, იმდენად წარმატებული პროგრამაა, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონელი კოლეგებისთვის მისაბაძ ნიმუშად იქცა.

„2014 წელს თუ 51000 აღსაზრდელს ემსახურებოდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები, 25 ახალი ბაღის აშენებით დღეს უზრუნველყოფილი გვაქვს 61000-ზე მეტი ოჯახი სკოლამდელი აღზრდა-განათლების სერვისით. ამჟამად მიმდინარეობს 9 ბაღის მშენებლობა, რაც კიდევ დამატებით 3000-ით გაზრდის ჩვენი ბაგა-ბაღების აღსაზრდელების რაოდენობას. მაგრამ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებია პრიორიტეტი, არამედ აღზრდა-სწავლების მეთოდოლოგია, უსაფრთხოება, ჰიგიენა და კვება. დიდ გამოწვევად რჩება აღმზრდელ-პედაგოგების ღირსეული ანაზღაურებით უზრუნველყოფა“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებმა შეძლეს დეტალური ინფორმაციის მიღება მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.