სიახლე – ტაქსებში QR კოდით გადახდის სისტემა ამოქმედდება

თბილისის ტაქსებში QR კოდით გადახდის სისტემა ამოქმედდება. ეს საქართველოს ბანკისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტია. პროექტის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის QR (ქიუ არ) გადახდის სისტემა, რომელიც პირველ ეტაპზე საქართველოს ბანკმა დანერგა. გადახდის ეს მეთოდი არის ძალიან პრაქტიკული მომხმარებლებისთვის და ტაქსის მფლობელებისთვისაც, მით უმეტეს, თბილისის ტაქსში, სადაც ხურდა თითქმის ყოველთვის პრობლემაა.

ჩვენი ინიციატივით და ტაქსის მფლობელების საინიციატივო ჯგუფთან აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა „ქიუ არ” გადახდის სისტემა, რომელიც საკმაოდ მარტივია.

ეს ელექტრონული გადახდა ანაცვლებს ე.წ. ტერმინალს, რომელიც გაცილებით ძვირია. „ქიუ არ“ კოდის მეშვეობით კი მომხმარებელი უფრო კომფორტულად იხდის. ტაქსის მძღოლისთვისაც კომფორტია, რადგან არც ის დარდობს ხურდების მოგროვებაზე და ამის გარდა, მას უდასტურდება შემოსავალი, რაც მომავალში დაეხმარება საბანკო პროდუქტებით სარგებლობაში.

ასეთი სისტემით თითოეული A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელს შეუძლია, შექმნას საკუთარი ბრუნვის ისტორია ბანკში, პრაქტიკულად დანახარჯების გარეშე. მას არ უწევს არც ტერმინალის ყიდვა, არც ანგარიშის გახსნაში ფულის გადახდა – ეს უფასოა და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს და იმედი გამოვთქვა, რომ სხვა ბანკებიც გაიზიარებენ ამ ინიციატივას და ისინიც შესთავაზებენ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს მსგავს საბანკო პროდუქტს“, – განაცხადა კალაძემ.