“შსს- მ მართვის მოწმობები მძღოლებს დასაშინებლად ჩამოართვა, რათა შეზღუდონ აზრის გამოხატვის უფლება!”

აქციზის ზრდის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილე სამ მძღოლს ერთი წლით მართვის მოწმობები ჩამოართვეს. ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა “პირველი რადიოს” რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ვასილ ურუშაძის განცხადებით, 10 დეკემბრის აქციაში მონაწილე სამ ადამიანს ორგანიზებულ მსვლელოობაში სდებენ ბრალს, რაც მათი თქმით აბსურდია, ვინაიდან ნებისმიერი ქართული ტრადიციული ქორწილი, დაკრძალვა ან საარჩევნოდ მაჟორიტარების ტრანსპორტით გადაადგილება მხარდამჭერებთან ერთად შეიძლება, ჩაითვალოს ორგანიზებულ მსვლელობად, რასაც არავინ აჯარიმებს. ურუშაძე თვლის, რომ ხელისუფლებამ და შსს- მ მართვის მოწმობები მძღოლებს დასაშინებლად ჩამოართვა, რათა შეზღუდონ აზრის გამოხატვის უფლება.

“2016 წლის 10 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აქტიურად აპრიტესტებდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკას და ცვლილებას კანონმდებლობაში, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქცზის ზრდას. სოციალურ ქსელში დაანონსდა აქცია, არანაირი ინცინდენტი არ ყოფილა, არც მოძრაობა არ შეფერხებულა, საცობი არ შექმნილა, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოჰყოლია აქციას. ორი თვის მერე კი აქციის სამ მონაწილეს ახსნა-განმარტება დააწერინეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით ბრალი დასდეს ორგანიზებულ მსვლელობაში და მართვის მოწმობა ჩამოართვეს ერთი წლით. ვთვლით, რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობა. როცა აპროტესტებდნენ, მაშინ არანაირი ქმედება არ მოჰყოლია ამას, ახლა დაჯარიმება კი შიშის დათესვის მცდელობაა“, – აღნიშნა ვასილ ურუშაძემ “პირველი რადიოს” რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე. მისივე ინფორმაციით, პოლიციაში კიდევ 300-მდე მძღოლის დაკითხვაა დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება