აღმოჩენილია უძველესი კანადური სოფელი, რომელიც ეგვიპტის პირამიდებზე 10 000 წლით ძველია

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მცხოვრები ადგილობრივი ჯგუფი —ჰეილცუკის ხალხი ასობით (შეიძლება ათასობით) წლის განმავლობაში თაობიდან თაობას თქმულებების სახით გადასცემდა თავიანთ წარმომავლობის ამბავს. 

ჰეილცუკის გადმოცემის მიხედვით, მათი წინაპრები, გადარჩენის მიზნით, კანადის სანაპირო ზოლში გაიქცნენ, რომელიც გამყინვარების ხანაში არასოდეს გაყინულა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა CBC-ი იუწყება, ბრიტანეთის კოლუმბიის ცენტრალურ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ტრიკეზე მიმდინარე გათხრებმა მათი თქმულება გაამყარა.

2016 წელს, ძეგლის გათხრებს ვიქტორიას უნივერსიტეტის დოქტორანტი, არქეოლოგი ელიშა გოვრო ხელმძღვანელობდა.

თხელ ჰორიზონტალურ ფენაში, რომელსაც პალეოზოლს უწოდებენ, ჯგუფმა რამდენიმე არტეფაქტი აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ უძველეს სოფელს ეკუთვნის. მათ შორისაა ხისგან გამოთლილი იარაღები და ნახშირი.

ამის შემდეგ, ნახშირის ნატეხები ლაბორატორიაში გაგზავნეს რადიონახშირბადული მეთოდით დათარიღებისთვის. აღმოჩნდა, რომ ნახშირი დაახლოებით 13 613-14 086 წლის წინანდელია, ეგვიპტის პირამიდებზე ათასობით წლით ძველი.

არტეფატქები ერთ-ერთი უძველესია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ ჩრდილოეთ ამერიკაში. 1977 წელს, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ვაშინგტონის შტატის ოლიმპიურ ნახევარკუნძულზე აღმოაჩინეს შუბის წვერი და მასტედონტის ნეკნის ძვალი.

2011 წელს, კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირებისას დადგინდა, რომ ეს ნამარხები დასავლეთ სანაპიროს უძველეს დასახლებებს 800 წლით სწევდა წარსულში (დაახლოებით 13 800 წლის წინ).

ეს ბოლო აღმოჩენა არქეოლოგებს დიდ დახმარებას გაუწევს, რათა უფრო დეტალურად განსაზღვრონ თუ როგორ წარმოიშვა ჩრდილოამერიკული ცივილიზაციები, მაგალითად ჰეილცუკის ხალხი.

ერთ-ერთი პოპულარული თეორიის მიხედვით, გამყინვარების ხანაში, ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მკვიდრნი აზიიდან მოვიდნენ, ხმელეთის ხიდის საშუალებით, დღევანდელი კანადის ცენტრალურ ნაწილში.

კიდევ ერთი თეორიის თანახმად, რომელსაც ვიქტორიას უნივერსიტეტის ჯგუფის კვლევებიც უჭერს მხარს, ისინი ზღვის ძუძუმწოვრებზე მონადირეები იყვნენ და ნავებით მოგზაურობდნენ.

2016 წლის დოკუმენტში, გოვრო ასევე შენიშნავს, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად შესაძლოა ასევე დადასტურდეს სხვა ზეპირი გადმოცემებიც.

„ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს იმ მრავალ ისტორიას, რომელიც ჩვენმა ხალხმა ათასწლეულების მანძილზე შემოინახა და თაობიდან თაობას გადასცა“, — უთხრა ჰეილცუკის ხალხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, უილიამ ჰუსტიმ CBC News-ს.