უკრაინული მედიის ცნობით, კიევში აფეთქებულ მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა

კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ჩეჩნების მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის“ წევრი, ტიმურ მახაური დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აფეთქებულ ავტომობილს ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.

შემთხვევა ბესარაბიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „შეიხ მანსურის“ მოხალისეთა ბატალიონი 2014 წელს შეიქმნა და დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

უკრაინულ მედიასთან საუბარში დაღუპულის ერთ-ერთ მეგობარი აცხადებს, რომ მახაური რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო და საქართველოს ტერიტორიაზე ორჯერ სცადეს მისი აფეთქება. მსხვერპლის ახლობლები ასევე ამბობენ, რომ არსებობს რუსული კვალი და შესაძლოა, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.

აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ავტომობილში მჯდომი ტიმურ მახაურის მეუღლე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.