თბილისის ბაღების საკვებით მომარაგების საკითხი ისევ დაპირისპირების საგანი გახდა

ისევ განხილვის ხმაურიანი თემაა თბილისის ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების საკითხი. არსებული ინფორმაციით, 17-მილიონიანი ტენდერი ჩავარდა, 43 მილიონიან ტენდერში კი მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ „ეკოლუქსმა“ გამოთქვა. სავარაუდოდ, თბილისის მერია სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმებს ხელშეკრულებას. გამოცხადებული ახალი სასწავლო წლიდან, ერთი ბავშვის კვებისთვის გამოყოფილი თანხა 3 ლარსა და 60 თეთრს შეადგენს.

ეს საკითხი, შპს “ნილიდან” დაწყებული მუდამ პოზიციისა და ოპოზიციის დაპირისპირების საგანი იყო და ასეა ახლაც.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ერთი ბავშვისთვის გამოყოფილ 3 ლარსა და 60 თეთრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ იმ პირობებში როდესაც ბაზარზე ყველა პროდუქტი გაძვირებულია, ეს თანხა ბავშვის გამოკვებისთვის საკმარისი არ არის.

„60 ათასი ბავშვის გამოკვება, ყოველდღიურად, დღეში 3 ლარად და 60 თეთრად, არის შეუძლებელი. ანუ, ეს არის ის ფასი, რომელიც მაგალითად 2012-13 წლებში ყოფნიდა ბაღებს და იხარჯებოდა დედაქალაქის მერიიდან. ახლა როგორც წარმოგიდგენიათ, მას შემდეგ გავიდა 6 წელი, მას შემდეგ არის სერიოზული ინფლაცია, მას შემდეგ გაძვირდა ხორცი, გაძვირდა აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რაც ბაღებში შეაქვთ. შესაბამისად, მთავარი ამ ტენდერში რა არის, როგორც წინა ხელშეკრულებას მოსდევდა ლაიტმოტივად, 60 ათასი ბავშვის ხარისხიანად კვება კი არა, მაფიოზურად, ქურდულად, როგორ გაინაწილონ ეს 43 მილიონი ლარი, ამას ფიქრობენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ტენდერის გამო, ერთმანეთში დაპირისპირება მოუვიდათ ბიზნესმენებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ ყურის მოჭმით დამთავრდა როგორც 90-იანებში ხდებოდა… ახლა კონკრეტული კომპანია, რომელიც ერთადერთია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო და აპირებს მერია, რომ ხელშეკრულება გაუფორმოს, არის ის კომპანია, რომელიც ემსახურებოდა წინა კომპანიას, ვგულისხმობ ნილს და ასევე, კონტაქტები ჰქონდა ყურის მომჭმელთანაც  და ყურის მოჭმულთანაც“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციას  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ეხმიანება და ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში, კვებისთვის გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ახლა სწორედ გრძელვადიანი ტენდერი გამოცხადდა, შესაბამისად, ფასის დადგენაც მოხდა. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს იცავენ. ზარქუა ამბობს, რომ 3 ლარი და 60 თეთრი, სწორედ ამ სტანდარტით არის გამოყოფილი.

„ჩვენი მოსვლიდან ხელისუფლებაში, დაიწყო ამ მიმართულებით თანხების ზრდა. თავდაპირველად იყო 109 მილიონი, გასულ წელს იყო 122 მილიონი, მიმდინარე წელს 150 მილიონი. ჩვენ რაც გვქონდა რამდენიმე თვის წინ, ეს იყო გარდამავალი ეტაპი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ფორსმაჟორში შევარჩიეთ ერთი კომპანია, ხოლო აქ საუბარია წელიწადნახევარი, ანუ 2019 წლის 16 სექტემბრიდან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ხდება სწორედ ფასის დადგენა, როდესაც არის გრძელვადიანი ტენდერი და ამ შემთხვევაში, გრძელვადიანი გაქვს“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.