აიბღას რუსეთის რეესტრის ბაზაში შეყვანას მინისტრი ეხმიანება

აფხაზეთის მთიანი სოფელი აიბღა რუსეთის რეესტრის ბაზაში შეიყვანეს, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი კრასნოდარის მხარეში. 

საზოგადოებამ იცის, რომ ეს ტერიტორია საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს, გაგრის რაიონს ეკუთვნის  და რუსეთ-საქართველოს შორის წლების განმავლობაში სადავო იყო.

ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  ქეთევან ციხელაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ  აფხაზეთის მთიანი სოფლის, აიბღას რუსეთის რეესტრის ბაზაში შეყვანა და ასევე ნებისმიერი მოქმედება, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, უკანონოა.

„ამ ქმედებებს არც საერთაშორისო სამართალი ცნობს, არც საერთაშორისო საზოგადოება და, რა თქმა უნდა, არც საქართველოს იურიდიული სივრცე. რაც შეეხება რეაქციების ნაწილს, ეს თემა აფხაზურ საზოგადოებასა და მედიასივრცეში 2006 წლიდან განიხილება, მათ შორის, 2009 წელს და 2014 წელსაც. ბუნებრივია, აფხაზებს ამის მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ, რადგან რუსეთის ნებისმიერი მანევრი საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთის რეგიონში სრულიად უკანონოა. მათ აქვთ განცდა, რომ ისინი საკუთარ უფლებამოსილებას ცდებიან და ძალიან უხეშად არღვევენ თუნდაც ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.