თამარ ჩიბურდანიძე: პოლიციას ღია ჩვენება მივეცი ამომრჩევლებზე ძალადობისთვის

დღეს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და ცეზარ ჩოჩელი ამომრჩეველზე ძალადობასა და მოსყიდვაში დაადანაშაულა.

ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის საარჩევნო პიარსა და სტრატეგიულ დაგეგმარებას ხელმძღვანელობს მცხეთაში.

„გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა წილკნის დევნილთა დასახლებაში, სადაც ოცნების მხარდამჭერებმა შეშფოთებულებმა გვიამბეს თუ როგორ ემუქრებოდნენ ცეზარ ჩოჩელის შტაბის წევრები, არ გამოსულიყვნენ დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად. მათ შორის თავად წილკნის შტაბის ხელმძღვანელი ვეფხია მილაძე, რომელსაც ჩემი თანდასწრებით დაადო ხელი ოცნების კოორდინატორმა. ამ პიროვნების ძმა დაკავებული იყო კორტების საქმეზე ფარცხალაძესთან ერთად. სწორედ ამ ზონდერებით აპირებს ჩოჩელი პოლიტიკაში დაბრუნებას, სწორედ ეს ხალხი აშინებს ისევ ჩვენს მოსახლეობას საარჩევნოდ. სიმართლე გითხრათ, გაოგნებული ვარ იმით, რომ დღეს სააკაშვილის კორუმპირებული ხელისუფლების ნარჩენები ტყუილებით, მოსყიდვით და ძალადობით კვლავ აპირებენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ეს დღევანდელი ხელისუფლების ბრალია. ზედმეტი ჰუმანიზმი დამღუპველია ქვეყნისთვის“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარის დატოვება