სუს-მა ჟურნალისტებს სოფელ აბანოში ჩამოვარდნილი დრონი წარუდგინა

ქართულ მხარესა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ის უპილოტო საფრენი აპარატი აჩვენა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსთან სამოქალაქო კვადროკოპტერთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.

„გაჟღერდა უსაფძვლო ბრალდებები, თითქოს საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა ჩვენი საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელიც გაიხსნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და რა თქმა უნდა, ეს მტკიცება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს. გთხოვთ დააფიქსიროთ, რომ მას არ აღენიშნება არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის კვალი და შესაბამისად გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა და სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს არის სტანდარტული კვადროკოპტერი, რომელსაც გამოიყენებს ყველა მოყვარული“, – აღნიშნა ანთაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა არის რამდენიმე დღის წინ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელება.

„ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, რადგან ჩორჩანაშიც დავაფიქსირეთ და აქაც გვინდა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ ეს სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო დაკომპლექტებულია სტანდარტული პირადი შემადგენლობით და მათ აქვთ სტანდარტული ეკიპირება. იგი არ შეიძლება შეიცავდეს რამე საფრთხეს, პირიქით, მისი ამოცანაა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ახალგორთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვაპირებ შესაბამის შეხვედრის მონაწილეებს მივმართო ამ შეკითხვით, ვინაიდან გარკვეული პერიოდულობით და გამოგონილი მიზეზით ხდება ხოლმე ამგვარი ქმედებები, რაც უკანონოდ ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების უფლებას და არ უწყობს ხელს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. მე მივმართავ შესაბამის მონაწილეებს ამ კითხვებით, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში საჭიროა სიზუსტე და ინფორმაცია უნდა მივიღოთ უშუალოდ პირველწყაროსგან“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.