“დროა “შეწყალების”არჩეული პრაქტიკაც გადაიხედოს..”

თამთა მეგრელიშვილი

სამართლის დოქტორი

მსოფლიო ისტორიული რაკურსი –
ჩემი მხრიდან დანაშაულად აღქმული “შეწყალება”

მსოფლიო გამოცდილებით შეწყალების უფლება წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლის აბსოლუტურ და ექსკლუზიურ პრეროგატივას, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული მიზნებით და დანიშნულებით გამოიყენებოდა.
ქალაქ ათენში პირს შეიწყალებდნენ თუ მის შეწყალებას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერდა 6000 ათენელი მოქალაქე.
რომის იმპერიაში- შეწყალება გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის ისინი სამართალდამრღვევ ჯარისკაცებს სჯიდნენ შერჩევითად (და არა მთლიანად ჯარს) ამ ფორმით ჯარში დისციპლინას ამყარებდნენ.
დროთა განმავლობაში დაიწყო
შეწყალების გამოყენება სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით და პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
მაგალითად პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მიერ მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ნიქსონის შეწყალება მანამდე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა და მას ბრალს წაუყენებდნენ.
პრეზიდენტ ლინკოლნის მიერ კონკრეტული პირებისთვის შეწყალების შეთავაზება, რათა შენარჩუნებულიყო ფედერალური ერთობა.
პრეზიდენტები ხშირად იწყალებდნენ და იწყალებენ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც იყვნენ დამნაშავეები, მათი შეწყალება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებას ან მართლმსაჯულების სისტემის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ისინი იმსახურებდნენ შესაძლებლობას, დაბრუნებოდნენ საზოგადოებას. შეწყალება ხდებოდა და ხდება ჰუმანიტარული საჭიროებებით, მაგალითად – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ან ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქცია აშკარად არაპროპორციულია მსგავსი ქმედებისთვის დადგენილის სასჯელისგან ან გასათვალისწინებელია პირის ასაკი.
შეწყალებით მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა, სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით დაიბრუნოს თავისუფლება და იქცეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.
ამ ამოცანის ეფექტურად განსახორციელებლად სახელმწიფოებს სხვადასხვა პრაქტიკა აქვთ დანერგილი მაგალითად
შემთხვევა როცა გადაწყვეტილების მიღება ხდება ერთპიროვნულად;

შემთხვევა როცა კონსტიტუცია და კანონმდებლობა, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ითვალისწინებს მთავრობის წევრის (მინისტრის) მონაწილეობას;
ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს პირი, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და ამ პროცესს უფრო სამართლიანს ხდის.
მაგალითად, ახალი ზელანდიის შემთხვევაში, ზელანდიის მთავარი გუბერნატორი შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრთან ერთად.
შემთხვევა როცა ქვეყნის კანონმდებლობა, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების პროცესში ითვალისწინებს არა მხოლოდ მთავრობის წევრის, არამედ მთლიანად მთავრობის, როგორც კოლეგიური ორგანოს, მონაწილეობის შესაძლებლობას. (შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე თანაბრად ნაწილდება)მაგალითად, სინგაპურის კონსტიტუციით, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის წევრების მონაწილეობით, შეწყალების შესახებ გასცემს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი.

შემთხვევა როცა გადაწყვეტილება მიიღება შესაბამის კომისიასთან ერთად-უფლებამოსილი პირი აღჭურვილია ექსკლუზიური კომპეტენციით, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და იგი ქმნის სპეციალურ ორგანოს, რომელიც თითოეულ საქმესთან დაკავშირებით გასცემს მხოლოდ სარეკომენდაციო დასკვნას.მსგავსი მოდელი მოქმედებს აშშ-ის ზოგიერთ შტატშიც. მაგალითად, ვისკონსინის შტატის გუბერნატორი, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სარგებლობს აბსოლუტური დისკრეციით. თუმცა, გუბერნატორთან შექმნილია შეწყალების კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, საზოგადოების 4 წარმომადგენელი და გუბერნატორის სამართლებრივი დეპარტამენტის თანამშრომლები. აღნიშნული კომისია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართავს გუბერნატორს ამა თუ იმ პირის შეწყალების თაობაზე.
ნევადის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, შეწყალების კომისია შედგება გუბერნატორის, შტატის უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების და შტატის მთავარი პროკურორისგან.
მინესოტას შტატის შემთხვევაში, კომისია შედგება გუბერნატორის, შტატის მთავარი პროკურორის და შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან.
მსგავსი შემადგენლობით იხილავს საქმეებს ალაბამას შტატის შეწყალების კომისიაც.
ნათელია რომ შეწყალების თანამედროვე კონცეფცია ნამდვილად არ მოიაზრებს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების ექსკლუზიურად განხორციელებას არამედ ცნობს სხვა აქტორებთან კოლაბორაციასაც.
აღნიშნული საპასუხისმგებლო ამოცანა წარმატებით შეიძლება განახორციელოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კოლეგიური ორგანოს მეშვეობით ან სულაც საკანონდებლო ორგანომ.
საქართველოში დღეს მოქმედი “შეწყალების” მოდელი დემოკრატიულია, მაგრამ კიდევ ერთხელ დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომამ,სამართლებრივ ენაზე -დანაშაულმა (დავით ოთხმეზურის მკვლელის შეწყალების ფაქტმა)
დაგვანახა რომ დროა ბოლომდე გავუსწორდეთ დარჩენილ მანკიერ პრაქტიკას და იქნებ “შეწყალების”არჩეული პრაქტიკაც გადაიხედოს.