“რატომ ატყდა ციფრების ირგვლივ აჟიოტაჟი…”

ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი

ეს ენ-დი-აი ისეთ დროს ჩაერთვება, აგვაჟიოტაჟებს ხოლმე… რამდენიმე ფრაზით გარკვეულ საკითხებს შევაფასებ.

  1. იქნებ ერთად გამოაცხადოთ ხოლმე ყველაფერი, ანუ პოლიტიკურ ნაწილთან ერთად?! ძალიან ცუდი პრაქტიკაა ორ ნაწილად გაყოფა. არ ჩავუღრმავდები.
  2. შარშან აპრილში ნატოს მომხრე იყო 65%, წლის ბოლოს (მე არ მახსოვს, თქვენ ამბობთ წინა კვლევასთან შედარებით 6%-ით იკლოო. ანუ გამოდის, რომ იყო) 77%. ახლა აცხადებთ 6%-ით დაიკლო და 71% უჭერს მხარსო. არ თქვით პირდაპირ ხელისუფლების ბრალიაო, მაგრამ რუსულ პროპაგანდას დააბრალეთ. 77% რთული დასაჯერებელია, მაგრამ თუ 71% ნაღდადაა, ე.ი. ვერაფერს გვიშვება რუსული პროპაგანდა და ხელისუფლებაც რომ ცდილობდეს 7 წელში უარესი შედეგი უნდა გვქონდეს.
    მგონი ყოველ წელს 3-4-ჯერ ნატოს პულსის გაზომვით უფრო ვააქტიურებთ რუსულ პროპაგანდას.
    თუ თქვენი 71% რეალურია, შევეშვათ ამ თემას.
  3. 45%-მა თურმე საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდ მოვლენად შეაფასა. ამითაც რისი ჩვენება გსურთ ვერ ვიგებ. თუ 71%-ს ნატოში უნდა, თუ 81%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს 45% უარყოფითი შედეგია?
    გააჩნია კითხვას ვინ როგორ აღიქვამს. ვიღაცამ შეიძლება პირდაპირ გაიგოს, რომ სსრკ-ს დაშლამ თავისუფლება მოგვიტანა, ვიღაცა კი ამ პრიცესს უკავშირებს შიმშილს, უშუქობას, უფულობას და, რაც ყველაზე მძიმე იყო, სისხლისმღვრელ ომებს, რომლებიც იმპერიის რღვევას მოჰყვა იმპერიისვე პროვოცირებით. თუ ასე შევხედავთ, ცუდი მოვლენა იყო, თუ ისე შევხედავთ, – კარგი.
    აბა ჰკითხეთ იგივე ხალხს სსრკ ურჩევნიათ თუ დამოუკიდებლობა. უმეტესობა გიპასუხებთ რომ დამოუკიდებელი საქართველო ურჩევნიათ.

სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე სოციოლოგებმა და ეკონომისტებმა ისაუბრონ, ამ ორ საკითხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ და რატომ ატყდა ამ ციფრების ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი, გაუგებარია.