ვინ და რა ვითარებაში იპოვა მიტოვებული ჩვილი თბილისში

გუშინ თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. შემთხვევა საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი, რომელიც კალათაში იყო მოთავსებული, სტუდენტმა იპოვა. ჩვილი დაახლოებით ერთ თვემდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, კალათში საბავშვო საფენები და დედის წერილიც იდო, რომელშიც ქალი წერდა, რომ საშუალება არ აქვს ბავშვის გაზრდის, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.