გლობალური ეკონომიკური აპოკალიფსი – როგორ უნდა მოემზადოს საქართველო…

რატი აბულაძე

ეკონომიკის დოქტორი

-თანამედროვე გეოპოლიტიკური ტენდენციებია: მსოფლიო წესრიგის ცვლილება.  ტრანსნაციონალური საფრთხეების ზრდა, ლტოლვილების კრიზისი, გლობალური სტატუს კვოს საფრთხის შემცვლელი ქვეყნების ზრდა, ენერგეტიკული რესურსების დეფიციტი, ფინანსური ბაზრის არამდგრადობა, პოპულიზმის გლობალური ტალღა, სავაჭრო კონფლიქტები და  შეთანხმებების ცვლილება. აღსანიშნია, რომ თითოეული რისკი იზოლირებულია ერთმანეთისგან. თუმცა თითოეული ფაქტორის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ყველა ქვეყანა გრძნობს. მათ შორის საქართველოც.

ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზრის ფსიქოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საუდის არაბეთში, ნავთობრპოდუქტის ქარხანაზე უპილოტო მოწყობილობის თავდასხმამ, რომლის წილად მსოფლიო ნავთობის მიწოდების 5 % მოდის. აღნიშნულმა ინციდენტმა დაადასტურა ნავთობპროდუქტების გადამამუშავებლების დაუცველობა. შესაბამისად ასახვა ჰპოვა სიმძლავრებიის დაკარგვასა და ფასების ზრდაზე. მსოფლიო ეკონომიკის შენელების მოლოდინის ფონზე,  ბაზარზე აღინიშნა ნავთობის გლობალური მარაგებით შევსების მზაობა. დღეს, აშშ და სხვა სახელმწიფოები მზადაა არ დაუშვან ნავთობრპოდუქტების დიფიციტი და შესაბამისად ფასების ზრდა.

სამწუხაროდ, მსოფლიოში ეკონომისტთა ნაწილი გლობალურ ეკონომიკურ აპოკალიფსა და მდგომარეობის გართულებას პროგნოზირებს. საუბრობს გლობალური რეცესიის სიმკაცრეზე. აღნიშნავს მსოფლიოს რეკორდულ ვალებს, აქტივებზე გაბერილს ფასებს და საკრედიტო ბაზრის არასწორ შეფასებას.

არსებული მოცემულობის ფონზე, უნდა აღინიშნოს საქართველოს მოწყვლადობა გლობალური კრიზისების მიმართ. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ სუსტია ქვეყნის მზაობა და დაბალია წინმსწრები მუშაობა. მართალია ქართულ ეკონომიკაში ყველაფერი საუკეთესო ისმის, თუმცა ქვეყანა „გრძელვადიან გაჭირვებაშია“. აღსანიშნია ისიც, რომ ქვეყანაში გვაქვს მცირე ეკონომიკა და ღია ბაზარი სუსტი მართვით, სოციალური რისკები, ძველი პოლიტიკური კლასი და გაღარიბებული ინტელექტუალური საზოგადოება.

დასასრულს დავძენ, რომ მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე საქართველო ვალდებულია აამაღლოს კრიზისებისადმი მზაობა, გაზარდოს საკუთარ რესურსებზე დამოკიდებულება, მდგრადი გახადოს პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო.