“15 წუთის შემდეგ, ერთი საათი ერთი ლარი“

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი ოქტომბრიდან უკვე ორბელიანის მოედანზე ამოქმედდება, – ამბობს თბილისის მერი.

როგორც მან აღნიშნა, სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება. თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის საჭირო  რეგისტრაცია გაიარონ.

„პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე და თანაც საკმაოდ წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურში. ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ,მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება – ერთი საათი ერთი ლარი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა სადგომსაც შეეხება.