ცნობილია როდიდან და ვის რამდენით ეზრდება პენსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკისა და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის 20 ლარით ზრდა.

გარდა ამისა, ასევე პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, 70 წელს გადაცილებული პენსიონერების გარდა, 2020 წლის პირველი ივლისიდან, კიდევ 30 ლარით გაეზრდებათ პენსია პირველი ჯგუფის შშმ-პირებსაც.