აფხაზეთში ჩაფერფლილი 17 წლის ვაჟკაცი – გმირები არ კვდებიან!

თამარ კიკნაძე

აფხაზეთის ომის გმირის, გოგიტა კიკნაძის და

1992 წლის 2 ოქტომბერი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩემი ოჯახისთვის როდესაც დაეცა ქალაქი გაგრა და საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე დიდი მსხვერპლი და ტრაგედია დატრიალდა . სადაც საბრძოლო მოქმედებების დროს სხვა მებრძოლებთან ერთად უგზოუკლოდ დაიკარგა ჩემი ერთადერთი ძმა 17 წლის გოგიტა კიკნაძე რომლის საფლავიც დღემდე უცნობია და დღემდე წითელი ჯვრის მიერ მიმდინარეობს მოძიების პროცესი. აფხაზეთის ომმა უამრავი ლამაზი სიცოცხლე გაიყოლა თან და დაგვიტოვა ოჯახებს ღრმა მოუშუშებელი ტკივილები . რაც დრო გადის მით უფრო მძიმე და ტკივილიანი ხდება ჩვენი პირტიტველა ბიჭების გმირული თავგანწირვა მათ ყველაზე ძვირფასი რამ სიცოცხლე ანაცვალებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. მინდა ყველა გმირი დედის წინაშე ქედი მოვიხარო რომლებმაც საქართველოს ნამდვილი ვაჟკაცები გაუზარდეს არცერთი გმირის საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული ბიჭების ისტორია დავიწყებას არ უნდა მიეცეს მათ შექმნეს საქართველოს ახალი ისტორია , სწორედ მათ გმირობის მაგალითზე უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობები და მათ უნდა თავიდანვე იცოდნენ ქვეყნის სიყვარული რამხელას ნიშნავს. უნდა ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და გვერდით დგომა რაც სამწუხაროდ დღეს დეფიციტად ითვლება. არცერთი თანამდებობა სკამი არ ღირს იმაზე მეტი რასაც ქვეყნის საქართველოს სიყვარული ქვია. ჩვენი ვალია ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ღვთისგან ბოძებული ქართველობა ის ქართველობა სადაც მშვიდობა სიყვარული ერთმანეთის პატივისცემა და ღირსება იარსებებს.

გოგიტა კიკნაძე

ცეცხლის ალში ჩაფერფლილი სიცოცხლე

ომი. სასტიკი და დაუნდობელი, ცრემლიანი, ტკივილიანი. შაოსანი დედები, დაობლებული შვილები, ცალუღელად დარჩენილი ცოლები. რამდენი პირტიტველა ბიჭი წაგვართვა აფხაზეთმა, რამდენი ოცნება დარჩა ხორცშეუსხმელი.
ნანატრად დაიბადა გოგიტა გიორგი კიკნაძის ოჯახში. ეამაყებოდა მამას, მშობლებს გვერდს რომ უმშვენებდა. იგი პატარაობიდანვე გამორჩეული, მიმზიდველი და განსაკუთრეკბული იყო. უცბად ჩაიარა ბავშვობის წლებმა, მერე იყო სკოლა, დავაჟკაცებისა და ჩამოყალიბების სასწაული წლები. ჯერ კიდევ IV კლასში ყოფილა გოგიტა, როცა თამამად განუცხადებია მშობლებისთვის, მე სამხედრო კაცი უნდა გამოვიდეო. სკოლა დაამთავრა და დიდხანს არ დასჭირვებია ფიქრი, საით უნდა წასულიყო. 1992 წელს პოლიციის უმაღლესი სკოლის პირველი კურსის კურსანტი გახდა.
პრინციპული, უშიშარი, სპეტაკი, თავის ქვეყანაზე უანგაროდ შეყვარებული, ასეთად გაიცნეს თანაკურსელებმა 17 წლის გოგიტა კიკნაძე. რწმენა, იმედები ახლდა მის პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს. ლამაზად დაწყებული ცხოვრების ლამაზი დასასრული სწამდა ვაჟკაცს.
აფხაზეთი ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. გულაღტყინებული ბიჭები ბროლის ველზე მიიწევდნენ.
1992 წლის 25 აგვისტო. შინ მოსულ გოგიტას დედა განსაკუთრებულად მოეფერა, მოესიყვარულა. ცოტათი სახე შეუწითლდა, ახლადაღერებულ ულვაშზე ხელი გადაისვა, შერცხვა, დედა პატარა ბავშვივით რომ მოესიყვარულა, მაგრამ ესიამოვნა და გაირინდა. მერე სთხოვა, სამხედრო ტანისამოსი გამიმზადე, დილით ადრე უნდა წავიდეო. აფუსფუსდა დედა. იმ ღამითაც გვინობამდე ეჯდა შვილს სასთუმალთან და ეფერებოდა მძინარეს. დილით ადრიანად წამოდგა ბიჭი, დაემშვიდობა მშობლებს, დებს და შინიდან გავიდა. არაფერს უგრძნობდა ცუდს დედას გული. 27 აგვისტოს პოლიციის უმაღლესი სკოლის კურსანტები, მათ შორის პირველკურსელები, გაგრაში ჩავიდნენ. ბრძოლის წინა ხაზზე მოხვდნენ პირტიტველა ბიჭები. ბევრს იარაღი პირველად ეპყრა ხელთ. სასწაულებს ახდენდნენ ბიჭები. თავგანწირვით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავდნენ საქართველოს ძირძველ მიწაწყალს. მხოლოდ მესამე დღეს გაიგო დედამ შვილის ფრონტზე ყოფნის ამბავი. როცა სკოლაში მოიკითხა შვილი, მისი ხელით ნაწერი პატაკი უჩვენეს: „ვარ 20 წლის, კარგად ვფლობ იარაღს, გთხოვთ ჩამწეროთ აფხაზეთში წამსვლელთა სიაში“. თვალები აუწყლიანდა დედას. გულის-გულში კი სიამაყე იგრძნო. 17 წლის ვაჟკაცს, სამშობლოს სიყვარულმოწყურებულს, ტყუილიც დასჭირდა ბრძოლის ველზე წასასვლელად.
გაგრაში ყოველი დღე იძაბებოდა. გოგიტა არაერთხელ ესაუბრა მშობლებს ტელეფონით. ამაოდ სთხოვდა დედა, ჩამოდი, ძალიან მენატრებიო. დედი, ეგ ხომ ღალატის ტოლფასი იქნება. ვერც საქმეს მივატოვებ და მეგობრესაც ვერ შეველევიო. მერე შვილმონატრებული დედა საავადმყოფოში დადიოდა და შვილის დაჭრილ მეგობრებს უნაწილებდა დაგროვილ სითბოსა და სიყვარულს.
იმედიანად თენდებოთა ყოველი დილა. დედას თვალები გზისკენ გაურბოდა. საცაა, შვილი შემოაღებდა სახლის კარს და ნაომარი, გამარჯვებული გადმოაბიჯებდა ზღურბლს.
29 სექტემბერი. ბოლო ზარი გაგრიდან. ბოლო საუბარი, თუმცა მაშინ არც დედამ და არც შვილმა უწყოდა, ეს ბოლო რომ იყო. ამას მხოლოდ განგება და ბედისწერა სჯიდა. ცრემლი შეერია დედის ხმას. დამშვიდებას სთხოვდა ბიჭი, დედი, ჩემზე ნუ იჯავრებ, უკვე პოლიციის ლეიტენანტი გავხდიო. ტელეფონი დადუმდა და…
1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაზე მასირებული შეტევა დაიწყო. გოგიტა კიკნაძე სხვა თანამებრძოლებთან ერთად საბრძოლო მანქანით წინ მიიწევდა, ქალაქისკენ. გაირეს ნახევარი ქალაქი, მერე ატყდა ინტენსიური სროლა და მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანიდან გამოსროლილმა ჭურვმა ქართველი ბიჭების საბრძოლო მანქანა ცეცხლის ალში გაახვია, გასროლა კვლავ განმეორდა. როცა სროლის ხმა მიწყდა, ბიჭები მხოლოდ მაშინ დაფაცურდნენ. ალეკო დათებაშვილი, სერგო დავიდოვი და გოგიტა კიკნაძე ცოცხალმკვდრები ამოიყვანეს ჯავშანტრანსპორტიორიდან. გოგიტას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. საჭირო იყო სწრაფი მოქმედება, დაჭრილთა გაყვანა ბრძოლის ველიდან, ისინი სამედიცინო მანქანაში მოათავსეს, დაიძრნენ და… ისევ ატყდა სროლა და მანქანა, რომელიც სხვებთან ერთად გოგიტა კიკნაძე იმყოფებოდა, ცეცხლის ალში გაეხვია, ჩაიფერფლა, ცეცხლის ალს გაჰყვა 17 წლის რაინდის სიცოცხლე. მაგრამ ტკივილთან ერთად დარჩა მისი გმირულად განვლილი გზა, სახელი, მარადიული და უკვდავყოფილი.

გოგიტა კიკნაძე სიკვიდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
მაია ღიბრაძე

გაზეთი „კრიმინალური ქრონიკა“, 1994 წლის 21 ივლისი

რა უნდოდა შენთან სიკვდილს
ვუძღვნი აფხაზეთის ბრძოლების გმირს. ვ. გორგასლის I ხარისხის ორდენოსანს, გოგიტა კიკნაძეს

ჩვიდმეტ ზაფხულს მოესწარი,
მამულისთვის დათმე კერა,
გაიხურე სახლის კარი,
დედის თვალის გაგყვა მზერა.
გული ცეცხლში მიგიწევდა,
ფრთა შეესხა სისხლის ყივილს,
დაგვიტოვე დიდი სევდა,
მოგონება იწვევს ტკივილს.
ვერ მოესწარ გაზაფხულის
ნაირფერად აყვავებას,
მშობლის გული, დაზაფრული,
გმირი შვილით ჰპოვებს შვებას.
აფხაზეთის ქართულ მიწას
ჩაეხუტე, დედისერთავ,
გაგრა სრულად ცეცხლში იწვა,
შენც დაიწვი მასთან ერთად.
მამულისთვის სიყვარული
ერს გმირობით დაუმტკიცე,
ბიჭი იყავ მხიარული
და სალ-კლდეზე უფრო მტკიცე.
ვერ იტანტი მხდალს და ლაჩარს,
მოევლინე მამულს მხსნელად,
გმირი ბრძოლის ველზე დარჩი,
მომხვდურს კი მზე დაუბნელე.
შენ გორგასალის ორდენით
მკერდი ვეღარ დაიმშვენე,
უკვდავების ტაძრის გვერდით
შენ საყდარი აიშენე.
რა უნდოდა შენთან სიკვდილს,
დამერწმუნე, ეს არ გვჯერა,
სახლში ჩქარა დაბრუნდები,
აინთება ისევ კერა.

დათო იაკობიძე 8 აპრილი, 1996 წელი (გოგიტას დაბადების დღე)