2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდა

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე გახდა. მას ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა, ხოლო ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 127 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან საუკეთესო განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი. კონკურსი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიბერთი ბანკის, ტელეკომპანია იმედის, საზოგადოებრივი მაუწყებელის და მარკეტინგული კომპანიის „4MEDIA“ მხარდაჭერით.

წელს, ასევე საუკეთესო ათეულის მასწავლებლებს პრიზები გადასცეს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ, გიმნაზიამ „შავნაბადა“, სკოლა-ლიცეუმმა „პრომეთე“, ქართულ-ამერიკულმა სკოლამ „პროგრესი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სულაკაურის გამომცემლობამ, როტარი კლუბმა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ.